ევროპაში შეხვედრებისას ახალ და ძველ ხელისუფლებას შორის სხვაობის ორი კარგი მაგალითი გამოვიყენე

ევროპაში შეხვედრებისას ახალ და ძველ ხელისუფლებას შორის სხვაობის ორი კარგი მაგალითი გამოვიყენე

ევროპაში შეხვედრებისას გამოვიყენე ახალ ხელისუფლებასა და ძველ ხელისუფლებას შორის სხვაობის ორი კარგი მაგალითი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ეს მაგალითებია გელა ხვედელიძის დაკავება ფარული ჩანაწერის გამოქვეყნების გამო და დავით კირვალიძის გადადგომა, სოფლის მეურნეობის საქმეზე გამოძიების დაწყება.

"გავანადგურეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები. ამაზე მინიმუმ 100 მილიონია დახარჯული, რომ ეს მასალები შეექმნათ. მაღალი თანამდებობის პირები ამბობდნენ, რომ არ იცოდნენს საიდან მოვიდა ეს მასალები, მაშინ ეს 100 მილიონი ციდან ჩამოფრინდა? ჩანაწერებიდან ერთ-ერთი გამოაქვეყნა შს მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივეცით. სხვაობა მხოლოდ ეს არის, რომ ის გუნდურობის პრინციპი რაც მათ ჰქონდათ იყო ის, რომ ეს გუნდი თვითონ არ უნდა დაზარალებულიყო და დანარჩენებს კი ყრიდნენ ციხეებში", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მან გაწირა საუკეთესო მინისტრი დავით კირვალიძის სახით, როდესაც მან მოითხოვა გადადგომა.

"კირვალიძე იყო ჩემი ფავორიტი მინისტრი და ახლაც დიდ პატივს ვცემ. იმ სამინისტროში არაფერი კატასტროფა არ მომხდარა. იყო კითხვები, იყო გადაცდომა შესრულების პროცესში და ნახეთ როგორ კულტურულად მოვიქეცით აქაც. გადადგა მინისტრი და საქმე სასამართლომდე მივიდა. სწორედ ეს არის ის მაგალითები რაც აჩენს პრინციპულ სხვაობას ჩვენსა და ყოფილ ხელისუფლებას შორის", – განაცხადა ივანიშვილმა.