ვანო მერაბიშვილი ქუთაისის სასამართლოში უკვე მიიყვანეს

ვანო მერაბიშვილი ქუთაისის სასამართლოში უკვე მიიყვანეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილი საბადრაგო ავტომობილით უკვე მიიყვანეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეზოში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები , ასევე ვანო მერაბიშვილის მეგობრები და ახლობლები არიან შეკრებილები.

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, უსამართლობაა, როდესაც მერაბიშვილის საქმეს იხილავს ქუთაისის საქალაქო სასამართლო.

მისი თქმით, ქუთაისის სასამართლო არაფერ შუაში არ არის იმ საქმესთან დაკავშირებით, რაშიც ბრალი ედება ვანო მერაბიშვილს.

პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ. მისი თქმით, მარაზმია, როდესაც ვანო მერაბიშვილი რომელიც კრიმინალს ებრძოდა, ციხეში იმყოფება, ხოლო უამრავი კრიმინალი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გაათავისუფლეს ციხეებიდან.

ვანო მერაბიშვილის იმ ბრალდებაზე, რომელიც ფიქტიურ დასაქმებებს ეხება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 12:00 საათზე უნდა დაიწყოს. სხდომის გადაღების საშუალება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ასევე რამდენიმე მედია კომპანიიის ფოტოკორესპონდენტს ეძლევა.

პროცესის პარალელურად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდამჭერია აქცია გაიმართება.