სოფო მოსიძეს საზმაუს საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტიდან ათავისუფლებენ

სოფო მოსიძეს საზმაუს საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტიდან ათავისუფლებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროს სოფო მოსიძეს თანამდებობიდან ათავისუფლებენ.

როგორც ”აქცენტს” ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი სოფო მოსიძის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსი გახდა.

“აქცენტი” კომენტარისთვის საზმაუს სამეთვალყურეო საბჭოს წევრ ემზარ გოგუაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ზოგადად, მოსიძის განცხადება მისთვის გამაოგნებელი და მოულოდნელი იყო.

”სოფო მოსიძის განცხადება პირადად ჩემთვის ძალიან გამაოგნებელი იყო. საინფორმაციო სამსახურის უფროსი ასეთ ბავშვურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს; რაც შეეხება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს, სამეურვეო საბჭო ამაში არ და ვერ ერევა; ეს გენერალური დირექტორის პრეროგატივაა. არ ვიცი, რატომ გააკეთა ასეთი განცხადება სოფო მოსიძემ; ერთადერთი იმას ვვარაუდობ, რომ ხვალ კონკურსებთან დაკავშირებით სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან და მის მოადგილეებთან ერთად საინფორმაციო სამსახურის უფროსიც მოვიწვიეთ და თუ სოფო მოსიძემ ამაში რაიმე საფრთხე ნახა, ვერ გეტყვით”, - განაცხადა გოგუაძემ.

ცნობისთვის, საზმაუს საინფორმაციო სამსახურის უფროს სოფო მოსიძის განცხადებით, საზმაუს ხელში ჩასაგდებად იბრძვიან.

ამის შესახებ მოსიძე Facebook-ის გვერდზე წერს:

”თამაზ ტყემალაძე (საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი) + ემზარ გოგუაძე (საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარე) = ერთობრივი ბრძოლა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩასაგდებად.

S.O.S. აქ 90-იანი წლების გარიჟრაჟია (რეგრესის, არქაიზმის, არაპროფესიონალიზმის, პოლიტიკური ინტრიგების ველი)”, - წერს მოსიძე.