თომას მელია - არჩევნები არის საქართველოს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ დემოკრატიულ განვითარებას აგრძელებს

თომას მელია - არჩევნები არის საქართველოს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ დემოკრატიულ განვითარებას აგრძელებს

საპრეზიდენტო არჩევნები არის საქართველოს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ აგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას და აქედან გამომდინარე, ევროატლანტიკური კურსით სვლას, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები არჩევნებს სამართლიანად აღიქვამენ და იტყვიან, რომ სახეზეა კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალე საარჩევნო გარემო, მათი დასკვნა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე პირდაპირ გავლენას მოახდენს.

"ჩვენი დელეგაცია ყოველი შეხვედრისას ხაზს უსვამდა დემოკრატიული პროცესის მნიშვნელობას, რომლის შედეგად ჩატარდება ქართველი ხალხის ნების გამომხატველი არჩევნები. დემოკრატიული საარჩევნო პროცესი არ არის მხოლოდ ის, რაც არჩევნების დღეს ხდება. დემოკრატიული საარჩევნო პროცესის საკვანძო კომპონენტებია თანაბარი სათამაშო ველი, კანონის უზენაესობა და სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი მედიაგარემო, ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა და პროცესში ჩართული სახელმწიფო მოხელეების კონსტრუქციული თანამშრომლობა", - განაცხადა თომას მელიამ.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის შეფასებით, საარჩევნო გარემომ ხელი უნდა შეუწყოს პროცესში ყველა პარტიისა და კანდიდატის შეუზღუდავ მონაწილეობას.

"ამ მხრივ რჩება გამოწვევები, თუმცა სხვადასხვა მხარისგან მოვისმინეთ, რომ პოლიტიკური გარემო უფრო თავისუფალი და კონკურენტულია, ვიდრე გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. აუცილებელია საარჩევნო კანონმდებლობის აღსრულება. არჩევნებისას გამოვლენილი დარღვევების სასამართლო განხილვა უნდა მოხდეს მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ, პასუხისმგებლობითა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის პატივისცემით", - განაცხადა თომას მელიამ და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს უმცირესობათა ჯგუფების საჩივრების განხილვას.