პატრიარქთან შეხვედრაზე რელიგიური გაერთიანებებისადმი დამოკიდებულებაზეც ისაუბრეს

პატრიარქთან შეხვედრაზე რელიგიური გაერთიანებებისადმი დამოკიდებულებაზეც ისაუბრეს

საქართველოს პატრიარქისა და ამერიკული დელეგაციის შეხვედრაზე, სამართლებრივი თვალსაზრისით რელიგიური ორგანიზაციების მიმართ სახელმწიფოს განსხვავებული დამოკიდებულებაზეც ისაუბრეს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კონსტიტუციონალისტმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ჯონი ხეცურიანმა განუცხადა.

"შეხვედრაზე შეკითხვა დაისვა - სახელმწიფო მართლმადიდებელ ეკლესიას ეხმარება, სხვა რელიგიერ ორგანიზაციებს - არა. რატომ ხდება ეს და დისკრიმინაციას ხომ არ აქვს ადგილი. მე მივეცი განმარტება ამასთან დაკავშირებით, რომ დისკრიმინაციასთან არ გვაქვს საქმე, რადგან მართლმადიდებელ ეკლესიასთან სახელმწიფოს კონსტიტუციური შეთანხმება აქვს დადებული. ამიტომ, სახელმწიფო მართლმადიდებელ ეკლესიას სრულიად სხვა რეჟიმში განიხილავს. რაც შეეხება სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, ისინი იმავე იურიდიული სტატუსით სარგებლობენ, რაც მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს და რელიგიის შემზღუდვი არანაირი ნორმა კანონმდებლობაში არ არსებობს. ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლოს განმარტებით, დისკრიმინაცია იქნებოდა, თუკი განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფებს თანაბრად მოაწესრიგებდი. ესეც დიკრიმინაციაა", _ აღნიშნა ხეცურიანმა.

მისივე განამარტებით, რელიგიურ დიკრიმინაციას ადგილი არ აქვს, რადგანაც მართლმადიდებელ ეკლესიასთან გაფორმებულია შეთანხმება, რომელიც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის სხვადასხვა ფორმებს ითვალისწინებს.

ხეცურიანის თქმით, ანალოგიური საკითხი განიხილა სტრასბურგის სასამართლომ. ეს იყო ესპანეთის საკითხი, სადაც კათოლიკური ეკლესია პრივილეგირებულ მდგომარეობაშია. პროტესტანტული ეკლესიის საკითხი სტრასბურგის სასამართლომ იმ ნაწილში არ დააკმაყოფილა, რომ კათოლიკურ ეკლესიას საგადასახადო შეღავათები ქონდა, სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს კი - არა. აღინიშნა, რომ ესპანეთის სახელმწიფოს კათოლიკურ ეკლესიასთან კონკორდატი აქვს გაფორმებული, სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან _ არა.

"მე მოვიყვანე მაგალითი, რომ რელიგიურ ორგანიზაციებს შორის განსხვავებული რეგულაციები არსებობს, ევროპული გამოცდილება ამას გვეუბნება და დისკრიმინაციასთან ადგილი არ გვაქვს. კიდევ ერთხელ დავარწმუნე ისინი ამაში", _ განმარტა ხეცურიანმა.

ამასთან, აშშ-ის საელჩომ დღეს შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაცია გააავრცელა.

საელჩოს ცნობით, პატრიარქი და აშშ-ის დელეგაცია შეთანხმდნენ, რომ რელიგიური თავისუფლების საკითხებში ძალადობის ადგილი არ არის.

"პატრიარქი და დელეგაციის წევრები შეთანხმდნენ, რომ უმცირესობის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლების საკითხებზე საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო დიალოგის პროცესში ძალადობის ადგილი არ არის", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩოს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

დელეგაცია, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, თომას მელია ხელმძღვანელობს, ილია მეორემ საპატრიარქოში დღეს მიიღო.