პატრიარქმა აშშ-ს დელეგაციას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დახმარების თხოვნით მიმართა

პატრიარქმა აშშ-ს დელეგაციას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დახმარების თხოვნით მიმართა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ამერიკის დელეგაცია მიიღო, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელია და ასევე, ამერიკის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი.

შეხვედრაზე პატრიარქმა და თომას მელიამ ისაუბრეს - საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე, დემოკრატიული პროცესების განვითარების აუცილებლობაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე.

პატრიარქმა ამერიკის დელეგაციას მიმართა, დაეხმარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. შეხვედრაზე პატრიარქმა რუსეთში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას მოლაპარაკებები ჰქონდა პუტინთან; დასძინა, რომ იგი 11 წელი აფხაზეთში ეპისკოპოსი იყო და აფხაზეთის კონფლიქტი, უმიწნდესი თვლის, რომ ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა და რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების ერთ-ერთი უძველესი ეპარქიები იყო.

"მე შევხვდი პუტინს და ვუთხარი, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ღია ჭრილობაა; თითქოს იმედს იძლევიან, მაგრამ შედეგი არ ჩანს", - აღნიშნა შეხვედრაზე უწმინდესმა.
თავის მხრივ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამშემწემ, ტომას მელიამ პატრიარქს განუცხადა, რომ ამერიკა კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარებას.

უწმინდესმა ამერიკის დელეგაციასთან შეხვედრაზე ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ნამდვილი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება და საქართველო წარსულში დაშვებულ შეცდომებს არ გაიმეორებს. პატრიარქი მიიჩნევს, რომ სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის განვითარების საწყისია, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში პროკურატურის თავისუფლება და გასული წლის ციხის მოვლენები გაიხსენა.

"ჩვენ გვახსოვს ციხის მდგომარეობა, არ გვინდა განმეორდეს ის საშინელი ვითარება, რაც წარსულში იყო", - ბრძანა შეხვედრაზე უწმინდესმა.

შეხვედრაზე სირიაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხნენ. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ, ტომას მელიამ აღნიშნა, რომ ჩართულნი არიან რუსეთთან დიალოგში. პატრიარქმა თავის მხრივ დასძინა, რომ აკვირდებიან სირიაში მიმდინარე მოვლენებს და იმედი აქვს, რომ იქ არსებული ვითარება ფართომასშტაბიან ომის სახეს არ მიიღებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, თომას მელია ჟურნალისტებს გაესაუბრა.

"ჩვენ ძალიან მოხარული ვიყავით პატრიარქთან შეხვედრის შესაძლებლობით. ვისაუბრეთ იმ საშუალებებზე, რომელიც საქართველოში დემოკრატიის გასავითარებლადაა საჭირო, ვისაუბრეთ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიულ პროცესებში თითოეული მოქალაქის ჩართულობას, ვისაუბრეთ იმის შესახებ და შევთანხმდით, რომ არ უნდა იყოს გამოყენებული ძალადობა. პატრიარქმა ხაზი გაუსვა თუ რა დიდია მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საყოველთაო შემწყნარებლობის საქმეში", -აღნიშნა თომას მელიამ.
თომას მელიამ ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს სირიასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ აშშ-ს მთავრობის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ სოლიდარობა გამოხატა, რომ სირიაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე მოიძებნოს გამოსავალი, შეწყდეს ძალადობა.

"ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან სირიის კონფლიქტიდან გამოსავლის პოვნაში. მოგეხსენებათ, ამჟამად მიმდინარეობს აქტიური დიპლომატიური მოქმედებები იმისთვის, რომ სირიიდან გამოტანილი იყოს ქიმიური იარაღი. ამ მომენტისათვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა", - დასძინა ტომას მელიამ.