"ნაცმოძრაობა" მთავრობას მოუწოდებს, განხორციელებული პროექტების რეკლამირება შეაჩეროს

"ნაციონალური მოძრაობა" სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებულ რამდენიმე ვიდეორგოლში საარჩევნო აგიტაციის ნიშნებს ამჩნევს.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ასეთად შეიძლება ჩაითვალოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვიდეორგოლები, რომელიც 2013 წლის რთველის მოსამზადებელ პროცესს ეხება და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

"შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ვიდეორგოლების გაშვება სცდება მოსახლეობის ინფორმირების სოციალური რეკლამით გათვალისწინებულ ზღვარს და სამინისტროს და მთლიანად მთავრობის საიმიჯო რეკლამად უნდა აღიქმებოდეს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობასა და "საზოგადოებრივ მაუწყებელს", წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური რეკლამის სტატუსით იმ ვიდეორგოლების განთავსება შეეჩერებინათ, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს ასახავდა და შესაძლოა, საარჩევნო რეკლამად ყოფილიყო აღქმული.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ეთერში განთავსებული ვიდეორგოლები ასეთად შეიძლება ჩაითვალოს.

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, წინასაარჩევნო პერიოდში შეაჩეროს მედიაში სოციალური რეკლამის სტატუსით იმ ვიდეორგოლების განთავსება, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებულ ან განსახორციელებელ პროექტებს ასახავს და საარჩევნო რეკლამად აღქმის შესაძლებლობას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს, რაც არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ასევე არჩევენების სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპებს ეწინააღმდეგება", - აღნიშნულია განცხადებაში.