"ოცნების" აქტივისტების ბურჯანაძის პარტიაში გადასვლაზე "დემოკრატიული მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს

ახმეტაში "ქართული ოცნების" აქტივისტების ნინო ბურჯანაძის პარტიაში გადასვლასთან დაკავშირებით "დემოკრატიული მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ახმეტის საარჩევნო შტაბი 50–მდე წევრმა დატოვა. ისინი "დემოკრატიულ მოძრაობაში" გადავიდნენ.

"როგორც "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი დათო კუშტანაშვილი აცხადებს, მათი პროტესტი იმან გამოიწვია, რომ ახმეტაში თანამდებობებზე ისევ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაბრუნდნენ.

"მთელი პანკისის ხეობა მხარს ბიძინა ივანიშვილს უჭერდა. რა გააკეთეს რაც მოვიდნენ? სამართალი ისევ ვერ ვიპოვეთ. საშიშროება კი არ არის რომ "ნაციონალები" მობრუნდებიან, ისინი არც არსად წასულან! თანამდებობებზე ისევ "ნაციონალები" დაბრუნდნენ. ზვიადაური არაფერს არ აკეთებს, მარტო თავის საქმეს იწყობს. ეგ მაგისთვის არ აგვირჩევია. ყველას აყენებს შეურაცხყოფას", – განუცხადა დათო კუშტანაშვილმა ჟურნალისტებს.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი ყოფილი წევრის ნოდარ გუნაშვილის თქმით, რაიონში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ისევ ყოფილი ჩინოვნიკები დაინიშნენ.

"ხომ იცით რაც ხდება საკრებულოში, გამგეობაში. უსამართლობაა. იმისთვის კი არ ვიბრძოლეთ, რომ მაღალ თანამდებობებზე ისევ ეგენი ყოფილიყვნენ, გვინდოდა, რომ უკეთესი ხალხი მოსულიყო, რომლებიც ნორმალურ პასუხს გაგვცემდნენ, საქმეს გააკეთებდნენ. ამიტომ დავტოვეთ "ქართული ოცნება" და ნინო ბურჯანაძის პარტიაში გადავედით, იმიტომ რომ დარწმუნებულები ვართ, მარტო ნინო ბურჯანაძე მოახერხებს ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას", – აღნიშნა ნოდარ გუნაშვილმა", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.