ირმა ნადირაშვილი კობა დავითაშვილის ინიციატივას

ირმა ნადირაშვილი კობა დავითაშვილის ინიციატივას "ქვეყნის დახლეჩის" მცდელობად აფასებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თანამდებობის პირებთან დაკავშირებით დეპუტატ კობა დავითაშვილის ინიციატივას "ქვეყნის დახლეჩის" მცდელობად აფასებს.

"ესაა უპასუხისმგებლო ინიციატივა. ესაა ქვეყნის მტრობა, ქვეყნის დახლეჩის მცდელობა და ქვეყნის წაყვანა დაპირისპირებისკენ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირმა ნადირაშვილმა.
მისივე განმარტებით, ეს პერიოდი 90-იან წლებში უკვე გამოვიარეთ და სწორედ ამიტომ, მიაჩნია, რომ "ქვეყანას უნდა ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, როგორიც დავით ბაქრაძეა და რომელიც ქვეყანას წაიყვანს არა დახლეჩისა და დაპირისპირებისკენ, არამედ გამთლიანებისა და დამშვიდებისკენ".

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თანამდებობის პირებზე შესაძლოა, სახელმწიფო თანამდებობრივი შეზღუდვები დაწესდეს და მათ იმ პოსტების დაკავება აეკრძალოთ, რომლებიც მხოლოდ "კომუნისტური პარტიის" ყოფილი თანამდებობის პირებისთვის არის აკრძალული.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მმართველი კოალიცია დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას გაიზიარებს.

პარლამენტში უკვე ოფიციალურად ინიცირებულია "თავისუფლების ქარტიაში" შესატანი ცვლილებების პროექტი. ეს ის კანონია, რომელიც დაახლოებით სამი წლის წინ სსრკ-ის თანამდებობის პირებისა და საბჭოთა სპეცსამსახურების წარმომადგენლების თანამდებობრივი შეზღუდვისთვის დაიწერა და სხვანაირად "ლუსტრაციის შესახებ" კანონსაც უწოდებენ.

დღეს მოქმედი კანონით, სახელმწიფო თანამდებობრივი შეზღუდვები ვრცელდება პირებზე, რომლებიც თავის დროზე იყვნენ: სსრკ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლები, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნები, სსრკ-ის და ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრები და იმ პერიოდის ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. თანამდებობებზე ასევე არ შეიძლება დაინიშნონ პირები, რომელთა შესახებაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1991 წლის 9 აპრილიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს მათ ფარულ კავშირზე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან.

დავითაშვილის პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ ჩამონათვალს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თანამდებობის პირები ემატება, ხოლო თუკი ასეთი პირები თანამდებობებს დღესაც იკავებენ, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადადგნენ.