"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შესაძლოა, სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აეკრძალოთ

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თანამდებობის პირებზე შესაძლოა, სახელმწიფო თანამდებობრივი შეზღუდვები დაწესდეს და მათ იმ პოსტების დაკავება აეკრძალოთ, რომლებიც მხოლოდ "კომუნისტური პარტიის" ყოფილი თანამდებობის პირებისთვის არის აკრძალული.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მმართველი კოალიცია დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას გაიზიარებს.

პარლამენტში უკვე ოფიციალურად ინიცირებულია "თავისუფლების ქარტიაში" შესატანი ცვლილებების პროექტი. ეს ის კანონია, რომელიც დაახლოებით სამი წლის წინ სსრკ-ის თანამდებობის პირებისა და საბჭოთა სპეცსამსახურების წარმომადგენლების თანამდებობრივი შეზღუდვისთვის დაიწერა და სხვანაირად "ლუსტრაციის შესახებ" კანონსაც უწოდებენ.

დღეს მოქმედი კანონით, სახელმწიფო თანამდებობრივი შეზღუდვები ვრცელდება პირებზე, რომლებიც თავის დროზე იყვნენ: სსრკ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლები, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნები, სსრკ-ის და ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრები და იმ პერიოდის ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. თანამდებობებზე ასევე არ შეიძლება დაინიშნონ პირები, რომელთა შესახებაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1991 წლის 9 აპრილიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს მათ ფარულ კავშირზე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან.

დავითაშვილის პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ ჩამონათვალს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თანამდებობის პირები ემატება, ხოლო თუკი ასეთი პირები თანამდებობებს დღესაც იკავებენ, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადადგნენ.

გარდა ამისა, დავითაშვილი პარლამენტს სთავაზობს, რომ შეიცვალოს კანონის პირველივე მუხლი და კანონის მიზნებს შორის ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაც განისაზღვროს.

დავითაშვილის ამ ინიციატივის კონტექსტში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ერთ დროს მასაც მიხეილ სააკაშვილის პარტიაში თანამდებობა ეკავა - ის ახლად შექმნილი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი იყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შესაბამისი კითხვის პასუხად კობა დავითაშვილმა განუცხადა, "კანონის ეს შეზღუდვა უნდა გავრცელდეს ყველაზე, მათ შორის - ჩემზეც". გარდა ამისა, დავითაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის მიმართ კოალიციის დამოკიდებულება და მხადაჭერის საკითხი ნათელს გახდის, რამდენად აპირებს გიორგი მარგველაშვილი და მმართველი უმრავლესობა "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოაბიტაციის პროცესის დასრულებას.