მიხეილ სააკაშვილი ახალი ხელისუფლების მიერ საკუთრების უფლების შეზღუდვაზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილი ახალი ხელისუფლების მიერ საკუთრების უფლების შეზღუდვაზე საუბრობს

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე სტატუსის შეცვლის შეზღუდვას, პრეზიდენტი საკუთრების უფლების შეზღუდვად აფასებს.

ექსკლუზიურად "კომერსანტისთვის" ცნობილი ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო.

თუმცა, რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ სამ კანონპროექტზე დადებული ვეტო დასძლია.

მათ შორის, ვეტო 91 ხმით 9-ის წინააღმდეგ იმ კანონზეც დაიძლია, რომელიც აჩერებს სასოფლო–სამეურნეო მიწის სტატუსის შეცვლას არასასოფლო–სამეურნეო მიწის სტატუსით.

რატომ დაადო პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო?

"ასეთ ტიპის შეზღუდვა გულისხმობს მიწის, როგორც ეკონომიკური რესურსის, ეფექტიანდ გამოყენებაზე უარის თქმას, რაც გამოიწვევს ინვესტიციების შემცირებასა და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას.

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ეკონომიკა დღეს უკვე არასახარბიელო მდგომარეობაშია, ასეთი ხასიათის კანონის მიღება, რომელიც ნეგატიურ გავლენას მოახდენს ეკონომიკურ გარემოზე, გაუმართლებელია,“ – აცხადებს პრეზიდენტი ვეტოს განმარტებაში.

მისივე თქმით, კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მესაკუთრისთვის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების შეცვლის უფლების შეზღუდვას, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და ვეტოს დადების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

ინიციატივის ავტორების ზურაბ ტყემალაძის და გიგლა აგულაშვილის განმარტებით კი მას შემდეგ, რაც ამოქმედდა კანონი, რომლის საფუძველზეც, უცხოელებისა და უცხოური ფირმების მიერ მიწის საკუთრების უფლების მოპოვების პროცესი 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერდა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის სტატუსის შეცვლას და მის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორიაში გადაყვანას მასობრივი სახე მიეცა. შექმნილ ვითარებაში უმრავლესობის წევრებმა გამოსავალი მიწის ნაკვეთებისთვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის მექანიზმების შეჩერებაში იპოვეს.