თბილისის საკრებულოს წევრებისა და გამგებლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

თბილისის საკრებულოს წევრებისა და გამგებლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

თბილისის საკრებულოს წევრებისა და გამგებლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა , კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა. მისი თქმით, არც ერთი რაიონის გამგებელს პრობლემა არ აქვს.

"სტატისტიკის მიხედვით, ცალკეულ გამგეობებს ამ ნაწილში აქვთ დარჩენილი ბიუჯეტის მესამედი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ათივე გამგებელს ამ დღეების განმავლობაში ინდივიდუალურად შევხვდებით და მათგან უფრო კონკრეტულად მოვისმენთ პრობლემების შესახებ", - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

უმრავლესობის დეპუტატ გულიკო ზუმბაძის განცხადებით, შეხვედრამ ცხადყო, რომ გამგებლებს ამ თემის გადაყვანა პოლიტიკურ ჭრილში სურთ.

"მათი ასეთი აქტიურობა პოლიტიკურ ნიშნებს შეიცავს. ამხანაგობების თავმჯდომარეები "ნაციონალების" აქტივისტები არიან და მათგან ნახევარზე მეტი კვარტალში ერთხელ, ხელფასს იღებდა წახალისების სახით 300 ლარს, რომელიც პირად ანგარიშზე ერიცხებოდათ" , - აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.

გამგებლები კი აცხადებენ, რომ ინდივიდუალურ შეხვედრებს აზრი არ აქვს, რადგან ბიუჯეტის გაზრდა ამ ეტაპზე კანონის შესაბამისად ვერ მოხდება.

დიდუბის გამგებლის ლევან მხეიძის თქმით, ცვლილებების შემდეგ მოსახლეობას პრობლემები შეექმნა, დღევანდელ შეხვედრაზე კი ძალიან ბევრი ტყუილი ითქვა.
"ის 10 მილიონი, რომელიც გამგეობებს ჩამოეჭრათ, წავიდა ოლიმპიადის დაფინანსებაზე და შსს-ს პროექტზე ვიდეოთვალების დაყენებასთან დაკავშირებთ. ჩვენ ბოდიშს ვუხდით თბილისელებს, რომ ვეღარ ვახერხებთ იმ პროექტის გაგრძელებას, რომელიც მათი თხოვნით კეთდებოდა" , - აღნიშნა მხეიძემ.

მთაწმინდის რაიონის გამგებელი ნიკა მელია კი აცხადებს, რომ მის გამგეობას ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის არც ერთი თეთრი არ გადაუხდია.

საკრებულოს წევრებისა და დედაქალქის გამგებლების შეხვედრა დაახლოებით ორ საათზე მეტხანს საკმაოდ ხმაურიან რეჟიმში გაგრძლედა. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო და მას ირაკლი შიხიაშვილის ნაცვალდ მისი მოადგილე გიორგი მუსხელიშვილი უძღვებოდა.