საქართველო-რუსეთის საზღვარზე განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი გაიხსნა

საქართველო-რუსეთის საზღვარზე განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი გაიხსნა

საქართველო-რუსეთის საზღვარზე განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" გაიხსნა. განახლებულ საბაჟო ინფრასტრუქტურის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლაშა ხუციშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ასევე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

მათ განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი დაათვალიერეს და პერსონალს გაესაუბრნენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნა ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის განვითარებას.
"საქართველო არ არის სატრანზიტო ქვეყანა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთზე, საქართველო არის ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორი. სამწუხაროდ, დღეს ეს არის ერთადერთი, მაგრამ ძალიან სერიოზული პუნქტი იმისთვის, რომ საქართველომ საავტომობილო გადაზიდვებით ეს სერიოზული ფუნქცია შეასრულოს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, ტვირთი და მგზავრთა ნაკადი ძალიან დიდია რუსეთის მხრიდან და რუსეთის საბაჟო, ჯერჯერობით, სრულად ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რის გამოც რიგებია. ნოდარ ხადურმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მხარე ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს.

შემოსავლების სამსახურის უფროსის ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით კი, საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" მშენებლობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი საპროექტო ღირებულება დაახლოებით 10 მლნ. ლარს შეადგენს. მისივე ინფორმაციით, პუნქტი აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით.

როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, ამ დროისთვის მშენებლობა მიმდინარეობს საქართველოს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და 2014 წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით ყველა პუნქტი შესაბამის სტანდარტში ჩაჯდება.

გარდა ამისა, როგორც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, "ყაზბეგი" მოემსახურება რუსეთის მხრიდან გაზრდილ ნაკადს. მისივე განმარტებით, აღნიშნული საბაჟო-გამშვები პუნქტი აღჭურვილია თანამედროვე სისტემებით, სატვირთო მანქანების სკანირებისა და არასტანდარტული მანქანების გატარების სისტემით, ასევე პუნქტი აღჭურვილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური გასასვლელით. მისივე თქმით, ყველა ის პირობაა, რომელიც საქართველოს რეგიონში გამოარჩევს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნა თანხვედრაშია ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე გასვლასა და ქვეყნიდან საექსპორტო საქონლის ზრდასთან.
საბაჟო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციამდე დღეში მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობა 5 ათასს არ აღემატებოდა. ამჟამად ეს რიცხვი 13 ათასამდეა გაზრდილი. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გაკეთდა რეკრეაციული ზონები, მგზავრთა მოსასვენებელი, საკონფერენციო სივრცე, შენობაში მუშაობს "დუტი ფრი" და ა.შ. რეაბილიტაციის ფარგლებში 17 ათას კვ.მეტრზე განახლდა და დაისხა ბეტონის 20 სმ-იანი საფარი. ასევე მიმდინარეობს სატვირთო მანქანების დასათვალიერებელი რამპისა და პარკინგის მშენებლობა.