შემოსავლების სამსახური ჭელას ინციდენტს ამოწურულად მიიჩნევს

შემოსავლების სამსახური ჭელას ინციდენტს ამოწურულად მიიჩნევს

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მომხდარი ინციდენტი ამოწურულია, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები საკმარისად გაკეთდა და ტვირთი მეპატრონესთან არის დაბრუნებული.

"კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჯერჯერობით არ დამდგარა, საბაჟო ახორციელებს იმ პროცედურებს, რაც დადგენილია კანონმდებლობით" , - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში 26 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 29 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, რომელშიც მინარეთის დემონტაჟის მიზეზებს განმარტავდა.

როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, კონსტრუქციის სრულყოფილი სასაქონლო ექსპერტიზა უკვე დასრულებულია და ის მესაკუთრეს დაუბრუნდა. ამასთან, უწყების ცნობით, მინარეთის კონსტრუქციის დაბრუნება შემოსავლების სამსახურის ხარჯებით განხორციელდა.