პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ახალი კანონპროექტი ამოქმედდება

პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ახალი კანონპროექტი ამოქმედდება

მთავრობამ ერთხმად დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება.

"როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული კანონპროექტი მთავრობამ 5 სექტემბრის სხდომაზე დაამტკიცა.
სამინისტროს განმარტებით, კანონპროექტი რამდენიმე ძირითად პრონციპს მოიცავს.

პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილებები განისაზღვრება მხოლოდ კონსტიტუციით და არა სხვადასხვა კანონითაც, როგორც უწინ იყო. ამდენად, ის უფლებამოსილებები, რომლებიც კონსტიტუციაში აღარ წერია და დღეისათვის განსაზღვრულია მხოლოდ კანონით, უნდა გადანაწილდეს მთავრობასა და სხვა რელევანტურ ორგანოებზე.

კანონპროექტის მიხედვით, ახლებურად ყალიბდება ურთიერთობები მთავრობასა და პარლამენტს, აგრეთვე, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. მთავრობა ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე.

კანონპროექტში ასევე წერია, რომ ამიერიდან საქართველოს მთავრობის კომპეტენცია აღარ იზღუდება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ფარგლებით. მთავრობის უფლებამოსილებები შესაძლებელია, დადგინდეს საქართველოს კანონითაც; კანონით განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებზე პრემიერ-მინისტრის მიერ კონტრასიგნაციის განხორციელების წესი. კონტრასიგნაციას დაქვემდებარებულ სამართლებრივ აქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. შესაბამისად, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, გადის მთავრობის სხდომაზე განსახილველად. მთავრობის მიერ სამართლებრივი აქტის მოწონების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი ხელს აწერს მას, რომლის შემდეგაც კონტრასიგნაციის პროცესი დასრულებულად ჩაითვლება; მთავრობის მეთაურად განისაზღვრა პრემიერ-მინისტრი. ეს უკანასკნელი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე იქნება უფლებამოსილი, დანიშნოს და გაათავისუფლოს მთავრობის ნებისმიერი წევრი, აგრეთვე, მინისტრის მოადგილეები;

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებები (მაგალითად, დაზვერვის სამსახური), რომლებიც უშუალოდ პრეზიდენტს ექვემდებარებოდა, გადადის უშუალოდ პრემიერის დაქვემდებარებაში, თუმცა, მათ ნორმატიულ აქტებს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით დაამტკიცებს მთავრობა, როგორც ნორმატიული აქტის გამომცემი კოლეგიური ორგანო. სპეციალური დაწესებულება ანგარიშვალდებულია მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წინაშე, რომელიც უშუალოდ ზედამხედველობს მის საქმიანობას;
კანონპროექტის კიდევ ერთი პრინციპის მიხედვით, სახელმწიფო რწმუნებული − გუბერნატორი, განისაზღვრა როგორც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს მთავრობა. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, სამართლებრივი აქტის გაუქმების უფლებამოსილება ექნება მხოლოდ მთავრობას.
აღნიშნული კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.