სასამართლომ მეან-გინეკოლოგის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

სასამართლომ მეან-გინეკოლოგის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მეან-გინეკოლოგ მ.ა-ძეს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა.

"სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა დანაშაულის ჩადენა", - აცხადებენ უზენაეს სასამართლოში.

მათი ინფორმაციით, საქმის მასალების გამოკვლევით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეან გინეკოლოგმა მ.ა-ძემ მორიგეობის დამთავრების შემდეგ მშობიარე გადააბარა სერტიფიცირებულ მეანგინეკოლოგ ნ. ა-ძეს, რომელმაც პაციენტის მშობიარობა განახორციელა 4 საათის შემდეგ; ახალშობილი დაიბადა თავის ტვინის დაზიანებით.

"ვერ დადგინდა ბრალდებულის მხრიდან არასაპატიო მიზეზით გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით გაუწევლობა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისათვის. ასევე ვერ დადგინდა ბრალდებულის მეთვალყურეობის პერიოდში მშობიარესათვის საკეისრო კვეთის განხორციელების აუცილებლობა; (რაც ბრალად ქონდა წარდგენილი ბრალდებულს)", - აცხადებენ სასამართლოში და განმარტავენ, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების თანახმად, სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.