თემურ ქეცბაია - საქართველოს ნაკრები მოსაგებად იბრძოლებს

თემურ ქეცბაია - საქართველოს ნაკრები მოსაგებად იბრძოლებს

საქართველოს ნაკრები ყველაფერს გააკეთებს, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვას და უმძიმეს ქვეჯგუფში მესამე ადგილი დაიკავოს, - ამის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ნაკრები დღეს მოსაგებად იბრძოლებს. "კარგია, რომ თბილისში ვთამაშობთ. პირველი კარგი თამაშის შემდეგ ალბათ მოლოდინი დიდია, ყველა ელოდება, რომ საქრათველოს ნაკრები მინდორზე გამოვა და თამაშს მოიგებს, ამას ჩვენც ველოდებით და ეს ჩვენც გვინდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ და ეს შანსი არის, რომ ჩვენმა ნაკრებმა ამ უმძიმეს ქვეჯგუფში მესამე ადგილი დაიკავოს. ეს მოხდება მარტო იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ხვალ თამაშს მოვიგებთ. რთული თამაში იქნება, ფინეთს კარგი ნაკრები ჰყავს და კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ჩვენ ხვალინდელი თამაშისთვის მზად ვართ და იმედი მაქვს, რომ ბიჭები გააკეთებენ ყველაფერს, რათა ფინეთთან მატჩში წარმატებას მივაღწიოთ", - განაცხადა გუშინ ქეცბაიამ.

მისივე თქმით, გუნდი შემტევ ფეხბურთზე იქნება ორიენტირებული. გარდა ამისა, ქეცბაიამ გაიხსენა საქართველოს ნაკრების ბოლო თამაში საფრანგეთთანაც. მისი თქმით, ყველას ეგონა, მათ შორის ქართველებსაც, რომ საფრანგეთი საქართველოს დაამარცხებდა, თუმცა ასე არ მოხდა.

"ყველას ეგონა, რომ ადვილად მოგვიგებდნენ, მათ შორის - ბევრ ქართველსაც, თუმცა ასე არ მოხდა, რადგან ძალიან კარგი თამაში ვითამაშეთ და დამსახურებულად ავიღეთ ერთი ქულა", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

მისივე თქმით, ნურავის ეგონება, რომ ფინეთის ნაკრები ადვილი მეტოქეა. "ფინეთის ნაკრები ჩავიდა ესპანეთში და ერთი ქულა აიღო. ასე რომ, მძიმე თამაში გველის და იმედი მაქვს, რომ ამ მძიმე თამაშში წარმატებას მივაღწევთ", - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

საქართველოს ნაკრებს, ორი ყვითელი ბარათის გამო, დღეს მეკარე გიორგი ლორია დააკლდება.
მატჩი დინამო არენაზე 21.00 საათზე დაიწყება.