გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას განაჩენის გადასინჯვა დღეს იწყება

გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას განაჩენის გადასინჯვა დღეს იწყება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში "თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულების, უვადო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას შუამდგომლობების განხილვა, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დღეს დაიწყება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გია გვიჩიანის ადვოკატმა მალხაზ ჯანგირაშვილმა განუცხადა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, დღეს, 12:00 საათზე, იწყებს გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას შუამდგომლობების განხილვას, მათ მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ადვოკატის ინფორმაციით, დაცვის მხარეს აქვს არაერთი შუამდგომლობა და მათ მიერ წარდგენილი იქნა არაერთი მტკიცებულება, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით ახალ გარემოებებს წარმოადგენს.

"დაცვის მხარეს ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი მტკიცებულება აქვს წარდგენილი, მათ შორის, ორი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჩვენს მიერ იქნა ჩატარებული, შესაძლებელი იყო თუ არა "მაკაროვის" სისტემის იარაღით აღნიშნული მკვლელობის ჩადენა. ამ შემთხვევაში ცალსახად უარყოფითი პასუხია, რაც განაჩენს თავისთავად ანგრევს. ასევე, ჩვენს მიერ წარდგენილია მოწმეების კატეგორია, რომელთა ჩვენებები ადასტურებს, რომ ნოდარ გვიჩიანი "თელასში" საერთოდ არ არის ნამყოფი და იგი ამ მიმართულებითაც აშკარად ცრუ ჩვენებას იძლევა. უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები გვაქვს წარდგენილი. მათ გამოკვლევას გარკვეული დრო დაჭირდება", - აღნიშნა მალხაზ ჯანგირაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სავალდებულოა, რომ პროცესს ბრალდებულები დაესწრონ და მათ ამის სურვილი წერილობით უკვე გამოთქვეს. ამასთან, დაცვის მხარისთვის უცნობია, ვინ ახორციელებს ბრალდებას და რამდენად მომზადებულები არიან ისინი.

ადვოკატის განმარტებით, რთულია განჭვრეტა, რამდენ ხანს შეიძლება პროცესი გაგრძელდეს, ვინაიდან მტკიცებულებები გამოსაკვლევია. მისივე თქმით, თეორიულად, შესაძლოა პროცესი ერთ დღეში დასრულდეს, თუმცა, არ არის გამორიცხული, მტკიცებულებების გამოკვლევას რამდენიმე სხდომა დასჭირდეს.

"თელასის" მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წელს, ბახტრიონზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. მისი მკვლელობის შემკვეთად გია გვიჩიანი დამნაშავედ სცნეს და 2006 წელს დააკავეს. გვიჩიანი "თელასში" ექსპერტად მუშაობდა.

უვადო პატიმრობამისჯილი გვიჩიანი თავს უდანაშაულოდ სცნობს. იგი მის დაკავებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გადაფარვის მიზანს უკავშირებს.