აუდიტის სამსახური ნინო ბურჯანაძის პარტიის წინასაარჩევნო საქმიანობას სწავლობს

აუდიტის სამსახური ნინო ბურჯანაძის პარტიის წინასაარჩევნო საქმიანობას სწავლობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ ქმედებებს სწავლობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აუდიტის სამსახურიდან აცნობეს, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინტერესის სფეროში მოექცა პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო რეკლამა, რომელზეც ინფორმაცია "სათანადო წესით" წარდგენილი არ იყო.

"წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს N137/37 ბრძანების პირველი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამისთვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის შესყიდვა უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, წინასწარ გადაიხადოს ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი რეკლამის განთავსებისთვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის ღირებულება განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად და ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ანგარიშსწორების განხორციელებიდან არა უგვიანეს 24 საათისა", - ნათქვამია განცხადებაში.

ფინანსური მონიტორინგის სამსახური ასევე სწავლობს პარტიის მიერ წარდგენილ და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას საარჩევნო შტაბებისა და ოფისების გახსნის შესახებ, რომელზეც ინფორმაცია, მათი ცნობით, შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში წარდგენილი არ არის.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოქალაქეთა ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან ყველა ნორმა და საარჩევნო კამპანია აწარმოონ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.