მიხეილ სააკაშვილმა ორი ვერტმფრენის გასხვისების აკრძალვის ბრძანება გამოსცა

მიხეილ სააკაშვილმა ორი ვერტმფრენის გასხვისების აკრძალვის ბრძანება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის საკუთრებაში არსებული ორი ფრანგული წარმოების ვერტმფრენის გასხვისების აკრძალვის ბრძანება გამოსცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ავლაბრის რეზიდენციაში განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრო ბარნოვმა გააკეთა და პრეზიდენტის მიერ დღეს გამოცემული შესაბამისი ბრძანება იმ მოტივით ახსნა, რომ ქვეყნის პირველ პირს აღნიშნული ვერტმფრენების გასხვისებით სამხედრო ძალების დასუსტება დაუშვებლად მიაჩნია.

"საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კრძალავს საქართველოს საკუთრებაში არსებული ორი ფრანგული წარმოების ვერტმფრენის გასხვისებას. როგორც იცით, საქართველო არის მთაგორიანი ქვეყანა და ამ ტიპის ტექნიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამაშველო ოპერაციების საწარმოებლად. სამწუხაროდ, დღეს პრემიერის საკუთრებაში არსებული ერთი რუსული წარმოების ვერტმფრენის გარდა, სხვა მსგავსი ტიპის რუსული წარმოების ტექნიკის რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია, რაც აღნიშნული ფრანგული წარმოების ვერტმფრენების მნიშვნელობას ერთიორად ზრდის", - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

ამასთან მან საზოგადოებას შეახსენა, რომ აღნიშნული ვერტმფრენები საქართველოს საფრანგეთმა და უშუალოდ პრეზიდენტმა სარკოზიმ გადმოსცა.

"საზოგადოებას ალბათ ახსოვს, რომ პრეზიდენტ სარკოზის დახმარებით ჩვენ გადმოგვეცა ოთხი ვერტმფრენი, მაგრამ პროცედურების სირთულის გამო, დღემდე მხოლოდ ორის ჩამოტანა მოხერხდა. ახალ მთავრობას შეეძლო გაეგრძელებინა პროცედურები დარჩენილი ორი ვერტმფრენის ჩამოსატანად, თუმცა მან არჩია უკვე ჩამოტანილი ორიც გაესხვისებინა - როგორც ჩვენ ვიცით, კერძო პირებზე, ეს ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია. სწორედ ამიტომ პრეზიდენტის დღევანდელი ბრძანება, კრძალავს მათ გასხვისებას და სამხედრო ძალების ამგვარ დასუსტებას", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

ამასთან, ანდრო ბარნოვმა თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გამართული ავიაშოუც შეაფასა და საზოგადოებას შეახსენა, რომ ავია ტექნიკის დიდი ნაწილი, რომლის დემონსტრირებაც დღეს მოხდა, "იმ ქარხანაშია წარმოებული, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ გააჩერა, მისი ხელმძღვანელი კი აიძულა ქვეყანა დაეტოვებინა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა".