პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა წარადგინა

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა წარადგინა. ცესკოს ინფორმაციით, ესენი არიან თამარ ჟვანია, მანუჩარ გამყრელიძე და კონსტანტინე ამირაჯიბი.

კანონმდებლობის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15-ე დღისა პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ, თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს წარუდგენს 3 კანდიდატურას. ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) თავმჯდომარეს 5 დღის ვადაში ირჩევენ.

თუ აღნიშნული წესით ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, იმავე კანდიდატურებიდან ცესკოს თავმჯდომარეს 7 დღის ვადაში ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ, პოლიტიკური მიზნების გამო დატოვა. ხარატიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.