ახალაიას ადვოკატები ციხის ბუნტის საქმეზე სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვენ

ახალაიას ადვოკატები ციხის ბუნტის საქმეზე სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვენ

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დასაწყისში შუამდგომლობა დააყენეს საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

ამის არგუმენტად ახალაიას ადვოკატებმა გამოძიების ხანდაზმულობა დაასახელეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა გოგა ონიანმა განუცხადა, ციხის ბუნტის საქმეზე, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს, ბაჩო ახალაის მიმართ გამოძიება დაწყებული იყო, თუმცა ეს საქმე წლების განმავლობაში იდო. ერთი წლის შემდეგ, ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა და შესაბამისად, გამოძიების გაგრძელების შესაძლებობა აღარ არსებობდა.

მისივე თქმით, პროკურატურამ იგივე ბრალდებით გააგრძელა გამოძიება, რის უფლებაც მას არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ახალაიას ადვოკატებმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს შუამდგომლობით მიმართეს, რომ ახალაიას წინააღმდეგ გამოძიების ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის მოტივით, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს. აღნიშნული შუამდგომლობის შემდეგ მოსამართლე ჩხიკვაძე სათათბიროდ გავიდა. ამ დროისთვის პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.

რაც შეეხება პროცესის დასაწყისს, დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. ბაჩო ახალაია პროკურორმა რევაზ ნადოიმ დაადანაშაულა 2006 წლის 27 მარტს მომხდარი ბუნტის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში და პატიმრების მიმართ ღირსების შემლახველ მოპყრობაში. კერძოდ, როგორც პროკურორმა შესავალ სიტყვაში აღნიშნა, ბაჩო ახალაია ცდილობდა პატიმრების გამოყენებით, კერძოდ, ე.წ. კანონიერი ქურდის პლატონ მამარდაშვილის მეშვეობით გაექარწყლებინა საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი, რომლის მიხედვითაც, იგი პატიმრებს ფიზიკურად სიმთვრალეში უმკლავდებოდა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილები არიან კრიმინალური ავტორიტეტები ნიკოლოზ მახარაძე, მალხაზ ბედელაშვილი, პლატონ მამარდაშვილი, ზურაბ ვიბლიანი, გიორგი ავალიანი და ლევან ცინდელიანი.

სასამართლოზე გამოცხადებული შესვნების შემდეგ, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე გამოიტანს გადაწყვეტილებას, მოხდება თუ არა ბაჩო ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მისი ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე.