რიჩარდ ნორლანდი - აშშ ამაყია, რომ ლუგარის ლაბორატორია ააშენა და სამართავად საქართველოს გადასცა

რიჩარდ ნორლანდი - აშშ ამაყია, რომ ლუგარის ლაბორატორია ააშენა და სამართავად საქართველოს გადასცა

რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რაც ამერიკასა და საქართველოს ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთობლივად განუხორციელებიათ , - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ლუგარის ცენტრში გამოსვლისას განაცხადა.

ელჩის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი რისი გათვალისწინებაც საჭიროა, არის ის, რომ ლაბორატორიას საქართველოს მთავრობა განაგებს.

როგორც რიჩარდ ნორლანდმა განმარტა, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი ამერიკა-საქართველოს ინტერესის გათვალისწინებთ აშენდა. ელჩმა ცივი ომის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას მსოფლიოში ბიოლოგიური იარაღის გავრცელების საფრთხე ამ დროიდან აწუხებდა.

"სწორედ მაშინ, რიჩარდ ლუგარს გაუჩნდა იდეა, რომ აშშ-ს აეშენებინა ლაბორატორიები, რომლებიც ბიოლოგიური იარაღის გავრცელებას ხელს შეუშლიდა. თქვენ ვერსად ნახავთ ამგვარ ლაბორატორიებს, საქართველომ ამით უნდა იამაყაოს. დღეს როდესაც გვეკითხებიან რისთვის აშენდა ეს ცენტრი, ჩვენი პასუხია, ამ ორგანიზაციამ ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ ადამიანებსა და ცხოველებში ეპიდემიური დაავადებების გავრცელება თავიდან იყოს აცილებული", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ელჩის შეფასებით, ლაბორატორია რეგიონული მნიშვნელობისაა და იმისთვის, რომ იგი თვითკმარი გახდეს, აუცილებელია ბევრი სამეცნიერო კვლევის ჩატარება.

`მათთვის ვინც ამ პროგრამას დღემდე ეჭვით უყურებს, ჩვენ პასუხის გაცემა შეგვიძლია მაქსიმალური გამჭვირვალობით, მათ შორის რუსეთისა და მთელი მსოფლისთვის, აშშ ამაყია, რომ ეს ლაბორატორია ააშენა და იგი საქართველოს სამართავად გადასცა. ეს არის ქვეყნის სტარტეგიული თანამშრომლობის ნაწილი და ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი რაც 20 წლის განმავლობაში ამერიკასა და საქრათველოს ერთად განუხოციელებიათ", - აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, ამერიკის ელჩმა შეკრებილ დიპლომატებს მოუწოდა, მიაწოდონ ინფორმაცია აღნიშნული ლაბორატორის შესახებ თავიანთი ქვეყნების სამეცნიერო წრეებს, რადგან ლაბორატორიის მუშაობაში მათი ჩართულობაც მნიშვნელოვანია.

ამერიკის ელჩის გამოსვლამდე დამსწრე საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მიმართა. ასევე ჯანდაცვის სექტორისა და ლუგარის ცენტრის შესახებ ინფორმაცია გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ზალკალიანმა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტირს დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დეტალურად ისაუბრა ლუგარის ცენტრის ფუნქციონირების, მუშაობისა და სტრატეგიის შესახებ.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ დიპლომატიურ კოპრუსს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საშუალება მიეცემათ დაათვალიერონ ლუგარის ცენტრი და გაეცნონ სამუშაო პროცესს.