თეა წულუკიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

თეა წულუკიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

"არ შეიძლება ერთი ამომრჩეველი მეორეს იმიტომ ურტაყმდეს, რომ ის არჩევნებში სხვას უჭერს მხარს", - აღნიშნული განცხადება უწყებათაშორისო კომისიის ხელმძღვანელმა , საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

კომისიამ დღეს წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სხავადასხვა უწყებებიდან მიღებული ინფორმაცია მოისმინა. წულუკიანი მიესალმება პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელმაც ორ საქმეზე დაიწყო ძიება. ამათგან ერთი ეხება სოფელ საყუნეთში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერი ქალბატონის ცემის ფაქტს, ასეთივე ფაქტზე კიდევ ერთი საქმე არის აღძრული.
"არ შეიძლება ერთი ქართველი მეორეს იმიტომ ურტყამდეს, თუ რატომ უჭერს მხარს სხვა კანდიდატს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, ასეთ ინციდენტებზე ძიების დაწყება უპრეცედენტოა, რადგან წინა ხელისუფლება ყოველთვის აფარებდა ხელს იმ ადამიანებს, რომლებიც ოპონენტებს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად უსწორდებდნენ.

"ამ მხრივ ჩვენ გვაქვს პროგრესი და თბილისდან ადგილებზე საკმაოდ მკვეთრ გზავნილს ვაგზავნით", - აღნიშნა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, ადგილობრივ დონეებზე არსებობს გარკვეული თვალსაზრისით ნერვიული ფონი. წულუკიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და პრეზიდენტობის კანდიდატებს მიეცეთ საშუალება იმისა, რომ პოლიტიკური შეჯიბრი, დარჩენილი ორი თვის განმავლობაში, მაქსიმალურად მშვიდ და წყნარ ვითარებაში გაიმართოს.