საია საზმაუწყებელთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

საია საზმაუწყებელთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი ცენტრი საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს , რომ არხის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გადაყენება კანონდარღვევით მოხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მთავარ პროკურატურას საკითხის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.

,,მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 321 მუხლის თანახმად, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით (საბჭოს თხუთმეტივე წევრის ნახევარზე მეტის ხმით) უნდობლობა გამოუცხადოს გენერალურ დირექტორს, თუმცა, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, სამეურვეო საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა საბჭოს ორი წევრი, ნინო დანელია და ნატალია დვალი, რომელთაც სხდომაზე, ნოტარიულად გაცემული მინდობილობის საფუძველზე, წარმოადგენდნენ საბჭოს ყოფილი წევრი ლევან გახელაძე და მოქმედი წევრი მამუკა ფაჩუაშვილი. ვინაიდან ნინო დანელიასა და ნატალია დვალის შემთხვევაში არასწორად მოხდა ხმის მიცემა, სამეურვეო საბჭო არ იყო უფლებამოსილი, შვიდი ხმით მიეღო გენერალური დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება", _ ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განმარტებით, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობასა და ხმის მიცემას წარმომადგენლის მეშვეობით.

"სამეურვეო საბჭო ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და, შესაბამისად, გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მას არ აქვს უფლება, განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რაც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მისი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით. საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს წევრს არც ერთი ნორმატიული აქტით არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება მიიღოს გადაწყვეტილებები წარმომადგენლის მეშვეობით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მამუკა ფაჩუაშვილი მიღებულ გადაწყვეილებას ხელს აწერს ორჯერ - როგორც წარმომადგენელი და როგორც წევრი", – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, საიას მედიის სამართლებრივი ცენტრში აღნიშნავენ, რომ სამეურვეო საბჭო არჩევითი კოლეგიური ორგანოა და საბჭოს მოქმედი წევრები თანამდებობებზე არჩეულნი არიან პრეზიდენტის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის მიერ, მათი საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის გამო.

"აღნიშნული გულისხმობს, რომ საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან პირადად განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილებები. ისევე როგორც, მაგალითად, დეპუტატი არ არის უფლებამოსილი საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობის უფლება მინდობილობით სხვას გადასცეს, ასევე სამეურვეო საბჭოს წევრიც ვალდებულია პირადად განახორციელოს დაკისრებული უფლებამოსილება. მინდობილობის საფუძველზე მოქმედება დამახასიათებელია კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირების სამართლებრივ ურთიერთობებში," _ აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამასთან, განცხადებაში საია ყურადღებას ამახვილებს ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, მაუწყებელზე მომაგრებული უშიშროების თანამშრომლის, ირაკლი ციბაძის მხრიდან საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძეზე ზეწოლის მცდელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი.

,,ი.ციბაძემ მოსალოდნელი კენჭისყრის წინ თავსუფლება მისცა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისათვის მაღალი თანამდებობები შეეთავაზებინა, თითქოს და თავისი ხელმძღვანელების სახელით, თავმჯდომარის პოზიციის შეცვლის სანაცვლოდ. ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ ი. ციბაძის შეთავაზებები შეიცავდა მუქარის ნიშნებსაც," - წერია სამეურვეო საბჭოს განცხადებაში.
საიას მედიის სამართლებრივი ცენტრი, სასწრაფოდ მოითხოვს სამეურვეო საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის დროულ და ადეკვატურ რეაგირებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. მათი განმარტებით, თუ აღნიშნული ქმედება (რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ განხორციელდა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გამოძიება უნდა აწარმოოს პროკურატურამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილისათვის, ეს უნდობლობის გამოცხადების მეორე შემთხვევაა. პირველად სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა ნახევარი წლის წინ, 2013 წლის 4 მარტს კანონმდებლობის უხეში დარღვევით გამოუცხადა. 2013 წლის 29 აპრილს სამეურვეო საბჭოს მიერ გიორგი ბარათაშვილისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ ბათილად ცნო.