ვანო მერაბიშვილი - მე ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკური პატიმარი ვარ

ვანო მერაბიშვილი - მე ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკური პატიმარი ვარ

ვანო მერაბიშვილი მის წინააღმდეგ წაყენებული ერთ-ერთი ბრალდების თაობაზე სასამართლო პროცესის დაწყებას ეხმაურება.

როგორც მერაბიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ადვოკატებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს.

"ძალიან კარგად მესმის, რომ ეს პოლიტიკური პროცესია და მე ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკური პატიმარი ვარ. ისიც მესმის, რომ ჩემი დაპატიმრება მოხდა მთავარი ოპოზიციური პარტიის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დასასუსტებლად და მოახლოებული არჩევნების წინ ჩვენი პარტიის რიგებში დაბნეულობისა და დეზორგანიზაციის შემოსატანად. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო საზოგადოებისთვის - ქუთაისის სასამართლოში ეს საქმე წამოიღეს მხოლოდ იმიტომ, რომ პროკურატურას მოსამართლე ახალბედაშვილისგან გარანტია ჰქონდა მიღებული, რომ ის გამოიტანდა ჩემი წინასწარ პატიმრობაში აყვანის სრულიად დაუსაბუთებელ და უკანონო განაჩენს. შემდეგი ნაბიჯი იყო, როდესაც მოსამართლე გურულს გადაწყვეტილება ძალაში დაატოვებინეს. ესეც უპრეცედენტო დარღვევაა! მოსამართლე გურული საერთოდ არ იყო უფლებამოსილი, განეხილა ეს საკითხი. საქართველოს კანონმდებლობით, ამ მოსამართლეს არ ჰქონდა უფლება, მიეღო გადაწყვეტილება, მაგრამ იმდენად დიდია ივანიშვილის სურვილი, რომ მე ციხეში ვიყო, მთავრობა ამ პროცედურულ დარღვევებზეც წავიდა", - აცხადებს მერაბიშვილი.

ყოფილი პრემიერი დარწმუნებულია, რომ ამ დარღვევებს სტრასბურგის სასამართლო შესაბამის ყურადღებას მიაქცევს.

"როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოება მალე დარწმუნდება, რომ სახეზეა მხოლოდ პოლიტიკური დევნა და ამ ყველაფერს საერთო არ აქვს სამართალსა და სამართლიანობასთან. ყველა ჩემს გულშემატკივარს კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვეუბნები სამართლებრივი ბრძოლის ამ ახალი რაუნდის დაწყების წინ", - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.