დავით ზალკალიანი - ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა 2014 წლის შემოდგომამდე მოხდება

დავით ზალკალიანი - ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა 2014 წლის შემოდგომამდე მოხდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა 2014 წლის შემოდგომამდე მოხდება.

როგორც ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დავით ზალკალიანმა განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანი ბალტიისპირეთის ვიზიტის შედეგად არის ის ინფორმაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შემდეგ გაჟღერდა.

"პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გვამცნო იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე დღის წინ ვილნიუსში ევროკავშირის შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ საქრათველო, მას შემდეგ რაც მოხდება ვილნიუსში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით ხელშეკრულების პარაფირება, მოხდება ასევე მისი ხელმოწერა. ხელმოწერა მოხდება 2014 წლის შემოდგომამდე, ანუ იმ პერიოდამდე, როდესაც 2014 წელს, ევროკავშირის ამჟამინდელ კომისიას ეწურება ვადა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ამ კომისიის უფლებამოსილების ამოწურვამდე მოხდება ასევე ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა", - განაცხადა ზალკალიანმა.

მანვე მაგალითად უკრაინა მოიყვანა და აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ, ორ წელიწადზე მეტს ელოდა, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულება ხელმოწერილიყო.

"ეს ფაქტი, რომ პარაფირებიდან სულ რამდენიმე თვეში მოხდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, მიგვითითებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს რაც შეიძლება სწრაფი ინტეგრაცია საქართველოში", - განაცხადა ზალკალიანმა.

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების არა მხოლოდ პარაფირებაზე, არამედ ხელმოწერის დაჩქარებაზე გადაწყვეტილება უკვე არსებობს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ 7 სექტემბერს განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რადოსლავ შიკორსკიმ განცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ( ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით) არა მხოლოდ პარაფირებაზე, არამედ ხელმოწერის დაჩქარებაზე გადაწყვეტილება უკვე არსებობს.

"მე მოხარული ვარ მოგახსენოთ, რომ ვილნიუსში ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ თუ პირობების შესრულდება და საქართველო მოახდენს ასოცირების შეთანხმების პარაფირებას, კომისია მომაზადებს დოკუმენტებს ხელმოსაწერად, კომისიის მანდატის ამოწურვამდე", - განაცხადა შიკორსკიმ.