ირაკლი ალასანია - უნდა გავიაზროთ, რომ ნატო-ში გაწევრიანება დღეს და ხვალ არ მოხდება

ირაკლი ალასანია - უნდა გავიაზროთ, რომ ნატო-ში გაწევრიანება დღეს და ხვალ არ მოხდება

რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება არასოდეს მოხდება ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე, მათ შორის - ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ხარჯზე, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ რუსული "კომერსანტისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ამასთან, ალასანიას თქმითვე, ხელისუფლებას პრაგმატული, რეალისტური მიდგომა აქვს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის საკითხში.

"გვაქვს მოლოდინი, რომ რუსულ ბაზარზე ჩვენს პროდუქციას დავაბრუნებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის და არა მხოლოდ ეკონომიკისთვის. ვფიქრობ, რომ ის დაძაბული, მილიტარისტული რიტორიკა, რაც მანამდე გვქონდა, ქრება უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება რუსეთთან ურთიერთობის დალაგების. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ რუსეთი მალე შეიცვლის მიდგომას ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მაგრამ ვფიქრობთ, რომ დაძაბული ურთიერთობების შემცირება მოგვცემს მოლპარაკებების პროცესის დაწყების შესაძლებლობას, მაგალითად, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებში. ჩვენ უკვე კონკრეტულად ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის კონტრტერორიზმის სფეროში დაიწყოს მუშაობა, რადგან ორივე ქვეყნის ინტერესში შედის სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად ვართ ჩვენი რეგიონული უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე მიმართული, მათ შორის რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. მაგრამ, ეს არასოდეს მოხდება ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ხარჯზე", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ და დასძინა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების საგარეო კურსის ვექტორი არ შეცვლილა და იგივე რჩება, რაც მანამდე იყო.

"ეს ჩვენი ხალხის არჩევანია. საქართველო ევროპისა და ევროატლანტიკური სტრუქტურების ნაწილი ხდება", - აღნიშნა ალასანიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გაბმა და ოკუპაციის ხაზის გადმოწევა არ ჯდება ურთიერთობების ნორმალიზაციის ტენდენციაში, რაც ახლა შეინიშნება რუსეთ=საქართველოს შორის.

"მაგრამ ამ საკითხზე ძალისმიერი მეთოდებით რეაგირება კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას რუსეთთან. ჩვენ უკვე ჩამოვყალიბდით პოლიტიკურად: ჩვენ ვთქვით, რომ ეს კონფლიქტი ძალისმიერი გზით არ მოგვარდება", - დასძინა ირაკლი ალასანიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მართალია, რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, მაგრამ საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ქართველი ხალხის არჩევანია და ის ცვლილებებს არ ექვემდებარება.

"უნდა გავიაზროთ, რომ ნატო-ში გაწევრიანება დღეს და ხვალ არ მოხდება, თუმცა საქართველოსა და ალიანსს შორის თანაშრომლობა დინამიურად ვითარდება. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური ამბიციები გვაქვს და, რა თქმ აუნდა, ვიზრუნებთ ქართული ინტერესების განხორციელებაზე. ადრე თუ გვიან, რუსეთი მიხვდება, რომ მთლიანი, ერთიანი და სტაბილური საქართველო მისსავე ინტერესებში შედის", - აღნიშნა ირაკლი ასალანიამ "კომერსანტთან" საუბრისას.