სასამართლო ციხის ბუნტის საქმის არსებით განხილვას იწყებს

სასამართლო ციხის ბუნტის საქმის არსებით განხილვას იწყებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, ბაჩო ახალაიას ერთ-ერთ ბრალდებაზე - ციხის ბუნტის საქმის არსებით განხილვას იწყებს. პროცესი სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, დღეს, დაცვის მხარე გარკვეულ შუამდგომლობას დააყენებს და სასამართლოს პასუხს დაელოდება. რა შუამდგომლობაზეა საუბარი, ადვოკატი პროცესის დაწყებამდე არ აკონკრეტებს.

რაც შეეხება პროკურატურის მტკიცებულებებს, ადვოკატი აცხადებს, რომ ციხის ბუნტის საქმეზე განაჩენი ერთხელ უკვე გამოტანილია და არ არსებობს საქმის ხელახალი გადახედვისთვის აუცილებელი არანაირი ახალი გარემოებები.

"პროკურატურას საქმეში დაზარალებულად ცნობილი ჰყავს კანონიერი ქურდები, რომლებიც თავის დროზე, ციხის ბუნტისთვის იყვნენ გასამართლებული. ვინაიდან, ამ საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის პირები, რომლებიც ახლა დაზარალებულებად არიან ცნობილი, გასამართლებულები არიან, ზოგს მისჯილი აქვს, ზოგსაც კი მოხდილი აქვს სასჯელი, ხდება განაჩენის გადახედვა, რაც დაუშვებელია", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ბაჩო ახალაიას გარდა ციხის ბუნტის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები არიან დავით ჭაკუა, რევაზ ჭარბაძე და მეგის ქარდავა.

საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს მომხდარ ციხის ბუნტს. როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, დაცვის მხარის ერთ-ერთი მოწმეა ელენე თევდორაძე, ბრალდების მხარის მოწმე კი ადვოკატი ლალი აფციაური, რომლის დაკითხვის შუამდგომლობა დღეს პროკურატურამ დააყენა და სასამართლომ დააკმაყოფილა.