ბათუმში 28 წლის მამაკაცს ეძებენ

ბათუმში 28 წლის მამაკაცს ეძებენ

ბათუმის აკვაპარკის მოპირდაპირედ ზღვაში მყვინთავები 28 წლის სომეხი ეროვნების მამაკაცს ეძებენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , გუშინ, 18:00 საათის შემდეგ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ ზღვაში შესულ რამდენიმე ადამიანს დახმარება ესაჭიროებოდა. მაშველებმა სომხეთის ორი მოქალაქე, ერთი ქალბატონი და ერთი მამაკაცი ზღვიდან გამოიყვანეს, რომელთაგან ქალბატონმა აღნიშნა, რომ მათთან ერთად ზღვაში მისი მეუღლეც იყოფებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მერაბ ნაკაშიძემ განუცხადა, ძებნა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაშველებმა ბადეებიც ჩაუშვეს, თუმცა მამაკაცის ნახვა ამ დრომდე არ ხერხდება. სომეხი ეროვნების ცოლ-ქმარი და ქმრის ბიძაშვილი ბათუმში დასასვენებლად ოთხი დღის წინ ჩავიდნენ.