ბიძინა ივანიშვილი - რუსეთის აღზრდის პრეტენზია არ მაქვს

ბიძინა ივანიშვილი - რუსეთის აღზრდის პრეტენზია არ მაქვს

რეალობას ანგარიში უნდა გავუწიოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრისას აცხადებს.

მისივე განმარტებით, რუსეთს თავისი ხელწერა, თავისი ქმედება აქვს და ამას ანგარიში უნდა გავიწიოთ. ივანიშვილის თქმით, რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და მისი აღზრდის პრეტენზია არ აქვს.

"ურთიერთობაში აბსოლუტურად პოზიტიური დინამიკაა. მე აღვნიშნე, რომ პოზიტიური ნაბიჯები ორივე მხრიდან გადაიდგა, ამასთან აბსოლუტურად შეუსაბამობაში მოდის ის მავთულხლართების გადმოწევა, რასაც ცალხრივად აკეთებს რუსეთი და ამით გაუგებრობებს იწვევს. ჩვენ ვცდილობთ, მაგრამ რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და მისი აღზრდის პრეტენზია მე არ მაქვს. რუსეთს აქვს თავისი ხელწერა, თავისი ქმედება აქვს და, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ეს ხშირად არ არის ისეთი, როგორის სურვილიც შეიძლება გვქონდეს ჩვენც და ევროპასაც. მაგრამ ჩვენ ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. მოთმინებით უნდა ვუყუროთ. უნდა ვიყოთ პრინციპულები, კონსტრუქციულები და დიპლომატიურები. რას ვიზამთ, რეალობას ანგარიში უნდა გავუწიოთ", - განმარტავს ივანიშვილი.

ამასთან, პრემიერის განცხადებით, არსებული ვითარება სწორედ იმის შედეგია, რომ რუსეთისა და რეალობისთვის ანგარიშის გაწევა არ მოხდა.

"რა მივიღეთ ჩვენ და რა გვაქვს დღეს! რომ არა ჩვენი ეს უმეცრება და ჩვენი წინა ხელისუფლების ეს უმეცრება და ეს სულელური ნაბიჯები, ჩემი დიდი რწმენით, ეს ასე არ მოხდებოდა და [მოვლენები] ასე არ განვითარდებოდა. შესაბამისად, ახლა ისინი [წინა ხელისუფლების წარმომადგენლები] ისევ გვაწვებიან ისტერიულად, თუ როგორ ბედავ და რუსეთზე რაიმეს პოზიტიურს ამბობო. მტრის ხატს ხატავენ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ პოზიცია დავიჭიროთ. ეს ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელია და ჩვენ ვსაჭიროებთ მათთან ნორმალურ ურთიერთობებს. ისინიც საჭიროებენ, რომ იცოდეთ, რუსეთიც საჭიროებს საქართველოსთან ჯანსაღ ურთიერთობებს და, ჩემი გადმოსახედიდან, ისინიც აცნობიერებენ ამას. მაგრამ ამას არ უნდა ისტერიული ყვირილი, გინება და იარაღის ჟღარუნი, რაც ხდებოდა ადრე. ამას უნდა ნაბიჯ-ნაბიჯ პრინციპული პოზიცია, დიპლომატია და მაქსიმალური მოთმინება, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დავალაგოთ [ურთიერთობა] და მივიღოთ შედეგი. შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ რუსეთთან უნდა დავალაგოთ ბოლომდე ურთიერთობები, დავიბრუნოთ ტერიტორიებიც და გადავიყვანოთ მეგობრობაში ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები", - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.