სალომე ზურაბიშვილმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

სალომე ზურაბიშვილმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარემ, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სალომე ზურაბიშვილი სარჩელის შესატანად სააპელაციო სასამართლოს შენობასთან გუშინ, 12.00 საათისთვის მივიდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ უქმე დღის გამო სააპელაციოს კანცელარია არ მუშაობდა და განცხადებებს საქალაქო სასამართლო იღებდა, რომელიც შემდეგ სააპელაციო სასამართლოს ეგზავნება.

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი ეთქვა, არაკომპეტენტურია. "სასამართლოს გადაწყვეტილება იყო არაკომპეტენტური და ეს დამტკიცდა მაშინ, როდესაც ვნახე ეს გადაწყვეტილება. საინტერესოა ისიც, რომ მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც ეს საქმე განიხილა, აქვს მხოლოდ ერთი წლის გამოცდილება. მიმაჩნია, რომ ასეთ საქმეს, რომელიც ეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, უფრო კომპეტენტური ადამიანი უნდა იხილავდეს. დღეს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ვასაჩივრებთ. მოვითხოვთ, შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ან დაბრუნდეს საქალაქო სასამართლოში განსახილველად და განიხილოს უფრო კომპეტენტურმა მოსამართლემ", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა