ბიძინა ივანიშვილი - ჩემს რესურსს ამოწურულად ჩავთვლი, როდესაც პრეზიდენტის არჩევნები ჩამთავრდება

ბიძინა ივანიშვილი - ჩემს რესურსს ამოწურულად ჩავთვლი, როდესაც პრეზიდენტის არჩევნები ჩამთავრდება

ჩემს რესურსს ამოწურულად ჩავთვლი, როდესაც პრეზიდენტის არჩევნები ჩამთავრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში აცხადებს. ამასთან, პრემიერის განმარტებით, მისი "დიდი რწმენით" პრეზიდენტად მოვა მარგველაშვილი და იქნება იდეალური ვარიანტი.

"მე კი არ მივდივარ და გავურბივარ (პასუხისმგებლობას), არამედ გადავდივარ უფრო რთულზე. რაც შეეხება არჩევნებს, წავალ მაშინ, როცა დავრწმუნები, რომ ჩემი გასაკეთებელი გაკეთებულია. ვაპირებ, ვიყო საზოგადოების აქტიური წევრი. რაც შეეხება ბიზნესს, საინვესტიციო კლიმატს და ინვესტიციებს, - ამ მხრივაც არანაკლებს გავაკეთებ ქვეყნისთვის, სადაც ვიქნები, იქიდან. რაც შეეხება მთავრობას, მე მასზე პასუხისმგებლობას ვიტოვებ. კი არ ვტოვებ და მივდივარ სადღაც, არამედ ვიტოვებ პასუხისმგებლობას, რომ ეს იქნება აბსოლუტურად წარმატებული მთავრობა, ეს იქნება არაკორუფციული, ევროპული ტიპის, ტიპიური ევროპული მთავრობა ეყოლება საქართველოს. ჩემს რესურსს ამოწურულად ჩავთვლი, როდესაც პრეზიდენტის არჩევნები ჩამთავრდება. ჩემი დიდი რწმენით პრეზიდენტად მოვა მარგველაშვილი და იქნება იდეალური ვარიანტი. ვიცი ხალხის განწყობაც. როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დამისვა შეკითხვა, თუ ეგრე არ მოხდებაო? - მე მას პასუხი გავეცი, რომ ასეთ შემთხვევაში ვთავისუფლდები ჩემი პასუხისმგებლობიდან... მაშინ, უნდა გაიქცე უკვე, თუ ვეღარც ანალიზს აკეთებ და არც ის ზედმეტი ნდობა გაქვს, რაც, მგონია, რომ მაქვს საზოგადოებაში. მე მინდა ვემსახურო საზოგადოებას, დავეხმარო მას და არა თავს მოვახვიო ჩემი სამსახური. თუ შევხედავ, რომ მე ეს აღარ გამომდის და არც ზედმეტი ნდობა არ მაქვს, შესაბამისად, ჩავთვლი, რომ თავისუფალი ვარ და ოთხივე გზა გახსნილი მაქვს და როგორც მომინდება, ისე ვიცხოვრებ და სადაც მომინდება, იქ ვიცხოვრებ", - აცხადებს ივანიშვილი და კორესპონდენტის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ საპარტნიორო ფონდს ჩაუდგეს სათავეში და "იქიდან შეეწიოს ხელისულებას", პრემიერმა აღნიშნა, რომ საპარტნიორო ფონდი არაფერ შუაშია და მსგავსსაც არაფერს აპირებს.

გარდა ამისა, ივანიშვილი ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის მმართველობაზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ფეოდალივით იქცეოდა.

"ფეოდალივით იქცეოდა ჩვენი პრეზიდენტი. ექვსი რეზიდენცია, უამრავი ქონება, აქეთ ვერტმფრენები, თვითმფრინავები, სამი ათასი კაცი დაცვა და მთელ ქვეყანას იმსახურებდა. ჩვენ ბატონების დრო დავასრულეთ! ჩვენ გვინდა ადამიანის უფლებები, თანასწორობა, დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. შესაბამისად, ევრაზიულ კავშირს, მე სწორად ვთქვი, ვუყურებთ და ვსწავლობთ. ასეთი სახით, როგორც თქვენ თქვით, და რაც დღეს იკვეთება, მაგრამ ჩამოყალიბებული არ არის - ეს არა, ჩვენ იქ არ შევალთ! ეგეთი სახით ჩვენ არ გვინდა! ჩვენ გვინდა ის, რაც ჩვენს ქვეყანას კარგ პერსპექტივას შეუქმნის და ეს არ იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების საპირისპიროდ, ეს არ იქნება ევროპეიზაციის საპირისპიროდ, ეს არ იქნება ქვეყნის უსაფრთხოების საპირისპიროდ. ზოგადი პასუხები ასეთია", - აღნიშნავს პრემიერი.