ლუგარის კვლევით ცენტრს დიპლომატები ეწვევიან

ლუგარის კვლევით ცენტრს დიპლომატები ეწვევიან

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს, დღეს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ეწვევიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ცენტრი წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ინფექციური და არაგადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობის, გარემოს ჯანმრთელობის, სამედიცინო სტატისტიკის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე.

ცენტრის სტრატეგიული მიზნები და ამოცანებია: გადამდები და არაგადამდები დაავადებებით განპირობებული ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის შემცირება, გარემოს საზიანო ზემოქმედებისა და ქცევითი რისკ-ფაქტორების შეფასება და კორექცია მოსახლეობის ჯანმრთელობის სტატუსის გაუმჯობესების მიზნით, გამოყენებითი და ფუნდამენტური ბიოსამედიცინო და ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევები.

2013 წლის მაისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან განხორციელდა "რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის" ინტეგრაცია, რომელიც განსაკუთრებით საშიშ პათოგენებთან მუშაობის ბიოუსაფრთხოების "მე-3" დონის თანამედროვე საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს. ამ ცენტრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეპიდზედამხედველობის, ფუნდამენტური და გამოყენებითი ბიო-სამედიცინო მეცნიერებების (ბიოტექნოლოგიური მეცნიერებების) განვითარებისთვის.

ცენტრის ძირითადი ფუნქციაა დაავადებათა ლაბორატორიული ეპიდზედამხედველობა, განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა გამოვლენა და რეაგირება, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და პრევენცია.

დიპლომატები და სხვა ოფიციალური პირები ლუგარის ცენტრს ცენტრის მუშაობის გაცნობის მიზნით ეწვევიან.

დღის წესრიგის მიხედვით, მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. დკსჯეც-ის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესახებ პრეზენტაციას გამართავს.