ბიძინა ივანიშვილი - ვაპირებთ, გაზაფხულისთვის ხელი მოვაწეროთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას

ბიძინა ივანიშვილი - ვაპირებთ, გაზაფხულისთვის ხელი მოვაწეროთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ურმას პაეტთან შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ესტონეთის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცენტრს ეწვია, სადაც ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების სფეროში არსებული სიახლეების შესახებ პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ესტონეთში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. "ჩვენ ვაპირებთ, გაზაფხულისთვის ხელი მოვაწეროთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას", - განაცხადა ივანიშვილმა.პრემიერის ინფორმაცით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი შეხვედრები ტალინში ხვალ გაიმართება. ბიძინა ივანიშვილი ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენრიკ ილვესს და ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ანდრუს ანსიპს შეხვდება. 

დაგეგმილია შეხვედრები ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ენე ერგმასთან და ესტონეთის ეკონომიკისა და კომუნიკაციების მინისტრ იუჰან პარტსისთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.