თეა წულუკიანმა სალომე ზურაბიშვილის საკითხზე ვენეციის კომისიას მიმართა

თეა წულუკიანმა სალომე ზურაბიშვილის საკითხზე ვენეციის კომისიას მიმართა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დააკმაყოფილა სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნა და მისი პრეზიდენტობის კანდიდატობასთან დაკავშირებულ საკითხზე ვენეციის კომისიას მიმართა. როგორც წულუკიანმა ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვენეციის კომისიისგან სალომე ზურაბიშვილის საკითხთან დაკავშირებულ მიმართვაზე პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია. ამასთან, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ვერ გააკრიტიკებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სასამართლომ ცესკოს გადაწყვეტილება, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატად არ დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, ძალაში დატოვა.

"ჩემი მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილების კრიტიკა არ ეგების. ის მიმართვა, კი რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ჩემდამი, როგორც მთავრობის წევრისადმი და ეკა ბესელიასადმი, როგრც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლისადმი გააკეთა, ვენეციის კომისიას უკევ გადაეგზავნა. კომისიას მივმართე დაჩქარებულად განიხილოს ქალბატონ სალომეს წუხილი იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს კონსტიტუციის ის ორი მუხლი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეც არის, ვერ იქნება პრეზიდენტი. მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი მთავრი კრიტიკა არის ის, რომ კანდიდატად დარეგისტრირებას მას კონსტიტუცია არ უკრძალავს. ზურაბიშვილის ეს მოთხოვნა იმ დღესვე დავაკმაყოფილეთ, იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერის პირადი პოზიციაა, რომ კანდიდატობის ყველა მსურველს შევუქმნათ კომფორტული პირობები", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიას ზურაბიშვილის საკითხთან დაკავშირებით მან 6 სექტემბერს გაუგზავნა წერილი და პასუხს უახლოეს დღეებში ელოდება.
როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნა და ძალაში დატოვა ცესკოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ზურაბიშვილს ორმაგი მოქალაქეობიდან გამომდინარე პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება არ მიეცა.