ქობულეთში 16 წლის მოზარდს ეძებენ

ქობულეთში 16 წლის მოზარდს ეძებენ

ქობულეთში 16 წლის მოზარდს ეძებენ. მოზარდი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სპორტსკოლის მოპირდაპირე პლაჟიდან გუშინ, 18:00 საათის შემდეგ დაიკარგა. 16 წლის ბიჭი სომხეთის ქალაქ ალავერდიდან სპორტსმენების ჯგუფთან ერთად დამეგობრებული ქალაქების გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ქობულეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. მოზარდი მოჭიდავეა. 

როგორც ქობულეთის გამგეობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჯინჭარაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მოზარდის მობილური ტელეფონი და ტანსაცმელი პლაჟზე იპოვეს, თუმცა მის მეგობრებს ზღვაში შესული არ უნახავთ. "დაზუსტებით არავინ იცის, ზღვაში შევიდა თუ არა, მაგრამ ტანსაცმელი და ტელეფონი პლაჟზე იპოვეს. არავის უნახავს არც ზღვაში შესული და არც ზღვიდან გამოსული", - აღნიშნა მერაბ ჯინჭარაძემ.

ქობულეთის სანაპიროზე პოლიცია, სამაშველო სამსახური და მყვინთავები მუშაობენ. ზღვა მღვრიეა, რის გამოც მხედველობა გართულებულია.