ბიძინა ივანიშვილი - ნატოსთან ჩვენი ურთიერთობები შინაარსობრივად დატვირთულია

ბიძინა ივანიშვილი - ნატოსთან ჩვენი ურთიერთობები შინაარსობრივად დატვირთულია

"ხალხსაც და ხელისუფლებასაც კარგად გვესმის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს ჩამოაყალიბოს ევროპული დემოკრატია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რიგის კონფერენციის ფარგლებში გამართულ სამუშაო სადილზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე დღეებიდან ამერიკისა და ევროპის კონკრეტული პოლიტიკოსები აკრიტიკებდნენ, თითქოს საქართველომ დასავლურ განვითარების გზას გადაუხვია.

"ვერაფრით ვერ მივიღებ ამ კრიტიკას და საამისოდ უამრავი არგუმენტის მოტანა შემიძლია, რომლებიც ჩვენს პრაქტიკულ მოქმედებებს ეფუძნება. 2013 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემუშავებული რეზოლუცია, რომელიც თვალსაჩინო ილუსტრაციაა იმისა, რომ საქართველო თავისი პროდასავლური საგარეო–პოლიტიკური კურსის შეცვლას არ აპირებს. დასავლეთი ჩვენს ხალხს მარტო ეკონომიკური წარმატებით კი არ ხიბლავს, არამედ, პირველ რიგში იმით, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის თავისუფლებაა მთავარი ღირებულება. ჩვენ გვინდა ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო, რომლის უპირველესი ღირებულება იქნება ადამიანი, ადამიანის უფლებები, თავისუფლება, ღირსება. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, რაც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობის გარანტიას მოგვცემს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ხალხსაც და ხელისუფლებასაც კარგად ესმის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს ჩამოაყალიბოს ევროპული დემოკრატია. ეს არის ჩვენი ქვეყნის გზა საერთო ევროპული ოჯახისკენ, გზა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე ადგას.

"ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას არავითარი სხვა ალტერნატივა არა აქვს ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე. არჩევანი, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი უნდა გახდეს, ქართველმა ხალხმა მრავალი წლის წინ გააკეთა. ამიტომ, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ დააყენებს ეჭვქვეშ ამ არჩევანს და ვერ გადაუხვევს ამ გზას", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანია 2013 წლის ნოემბრის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება. ეს შეთანხმება ქმნის მექანიზმებს, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს.პრემიერი მიიჩნევს, რომ ასევე მნიშვნელოვანია ნატოში ინტეგრაცია. ალიანსის 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. მისივე განმარტებით, ბუქარესტის გადაწყვეტილებამ ნატო-საქართველოს ურთიერთობები თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა, რაც შემდგომ არაერთხელ დადასტურდა, მათ შორის, სტრასბურგ–კელის, ლისაბონისა და ჩიკაგოს სამიტების გადაწყვეტილებებით და აისახა ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაშიც.

"2011 წლის დეკემბრის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიღებულ კომუნიკეში საქართველო, დასავლეთ ბალკანეთის სამ სახელმწიფოსთან ერთად, პირველად იქნა მოხსენიებული როგორც ნატოს "ასპირანტი პარტნიორი" ქვეყანა. 2012 წლის ნატოს ჩიკაგოს სამიტზე მოკავშირეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ბუქარესტის სამიტის შემდეგ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი ნატოში ინტეგრაციისა და რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. ნატოსთან ჩვენი ურთიერთობები ბოლო პერიოდში მეტად დინამიკური და შინაარსობრივად დატვირთულია. ამ პროცესში ჩვენ ვაგრძელებთ არსებული მექანიზმების - ნატო-საქართველოს კომისიისა და წლიური ეროვნული პროგრამის, ეფექტიან გამოყენებას", - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.