პრემიერმა

პრემიერმა "მე-9 არხის" დახურვის მიზეზებზე რიგაში ისაუბრა

"მე-9 არხის" დახურვის მიზეზებზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რიგაშიც ისაუბრა. "წინასაარჩევნოდ უარი ვთქვი ტელევიზიაზე, რადგან მინდოდა თანაბარ პირობებში ყოფილიყო პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი, მათ შორის - ჩვენი კოალიციის კანდიდატიც", - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა რიგის კონფერენციის ფარგლებში გამართულ სამუშაო სადილზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პრემიერმა "მე-9 არხისა" და ქართული მედიის შესახებ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ხელისუფლების პირობებში "მედია გათავისუფლდა მთავრობის მრავალწლიანი წნეხისგან".
პრემიერი მიიჩნევს, რომ ტელევიზიები არ უნდა იყოს გამოყენებული არც ერთი პოლიტიკური ძალის ვიწრო ინტერესების გასატარებლად.

"სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, დამეხურა ტელეკომპანია "მე-9 არხი", რომელიც ჩემი ოჯახის საკუთრებაა, რადგან ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ქვეყნის პირველ პირებს საკუთარი ტელევიზია არ უნდა ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამას არ კრძალავს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეს ტელევიზია საქართველოს მოსახლეობის დემოკრატიული უფლებების დასაცავად გავხსენი. ყველამ იცის, რა ძალა აქვს ტელევიზიას და მე უკვე მოგახსენეთ, რა პირობებში უწევდა წინასაარჩევნოდ ოპოზიციას საქმიანობა – ნაციონალურ მაუწყებლებს ხელისუფლება აკონტროლებდა, ტელევიზიები უზარმაზარი სახელისუფლებო წნეხის ქვეშ მუშაობდნენ და მის რუპორად იყვნენ ქცეული. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს პრობლემა აღარ არსებობს", - განაცხადა ივანიშვილმა.