დაკარგული დარეჯან დიასამიძის მშობლები სამართალდამცველებს საქმის გამოძიებას კიდევ ერთხელ სთხოვენ

დაკარგული დარეჯან დიასამიძის მშობლები სამართალდამცველებს საქმის გამოძიებას კიდევ ერთხელ სთხოვენ

ბათუმთან ახლომდებარე სოფელ ახალშენიდან დაკარგული 17 წლის დარეჯან დიასამიძის მშობლები სამართალდამცველებს საქმის გამოძიებას კიდევ ერთხელ სთხოვენ.
17 წლის დარეჯან დიასამიძის დაკარგვიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა.

როგორც "ინტერპრენსიუსს" გოგონას დედამ, ლამზირა მახარაძემ განუცხადა, 2 სექტემბერს სოციალურ ქსელ "ადნაკლასნიკში" უცნობმა პროფილმა სტატუსზე კომენტარი დატოვა. ლამზირა მახარაძე აცხადებს, რომ პროფილს სახელი გვარი არ აქვს მითითებული, არც ფოტოები აქვს ატვირთული და არ ჰყავს დამატებული მეგობრები, თუმცა, მიმოწერიდან გამომდინარე ის მის შვილს ჰგავს.

"ჩემს დისშვილს მთავარ სტატუსად აქვს დაწერილი "დარო ძალიან მომენატრე". ამ სტატუსზე ამოუცნობმა უსურათო პროფილმა დააწერა რომ, "მეც ხატი, უშენობა ძნელია, ახლო ხანში ჩამოვალ, ძალიან მიყვარხარ". ამ კომენტარის შემდეგ დავიწყეთ გამოკვლევა თუ ვინ იყო. მივწერეთ, რომ ახლობელი გვყავდა დაკარგული. მცირე დროის მერე პასუხი მოგვწერა: "რა გინდა, რა". ჩემი შვილი ამ სიტყვებს ხშირად ამბობდა. ასეთი მიმართვა ჰქონდა. მგონია, რომ ის ჩემი შვილი იყო. პოლიციას მივმართეთ დაედგინა საიდანაა მოწერილი. თუმცა ამ დრომდე არ დადგინდა", - აღნიშნა ლამზირა მახარაძემ.  დარეჯან დიასამიძე 7 აგვისტოს გაუჩინარდა.