თელავის გამგეობამ სტალინის ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო

თელავის გამგეობამ სტალინის ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სტალინის ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თელავის გამგებელმა გივი მეტრეველმა განუცხადა. 

"საზოგადოება "სტალინის" თავმჯდომარე უკვე გავაფრთხილეთ, რომ 5 დღის ვადაში ძეგლის დემონტაჟი საკუთარი სახსრებით მოახდინონ. ვფიქრობთ, ეს გონივრული ვადაა. თუ ხუთ დღეში ორგანიზაცია ძეგლის დემონტაჟს არ მოახდენს, ამას მუნიციპალიტეტი გააკეთებს", - განაცხადა გივი მეტრეველმა.

ძეგლის აღებას არ აპირებენ "სტალინელები". ორგანიზაციის თავმჯდომარე შოთა ლაზარიაშვილი აცხადებს, რომ მათ დემონტაჟის სახსრები არ გააჩნიათ.

"ფული არ გვაქვს, რომ დემონტაჟი განვახორციელოთ, ძეგლის შესაკეთებლად ფულს ხუთი თვე გავროვებდით. ახლა ასე უცბად ვერ ავიღებთ. თან ვის ეშინია სტალინის ჩრდილის, არ მესმის. თუ მუნიციპალიტეტი აიღებს, ჩვენ შევეცდებით ისევ დავდგათ", - დასძინა შოთა ლაზარიაშვილმა.

სტალინის ძეგლი თელავში საზეიმო ვითარებაში 1 სექტემბერს გაიხსნა. საკრებულოში განმარტავდნენ, რომ ძეგლი დიდების მემორიალზე უნებართვოდ განთავსდა და ის დემონტაჟს ექვემდებარებოდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ძეგლის დადგმის ნებართვა თელავის ყოფილმა გამგებელმა ზურაბ ყურაშვილმა გასცა. ამ საკითხით ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრიც დაინტერესდა.