გიორგი ბარათაშვილი ბორდის გადაწყვეტილებას

გიორგი ბარათაშვილი ბორდის გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთას უწოდებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებული გიორგი ბარათაშვილი ბორდის გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივით ხსნის და აღნიშნულს "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთას უკავშირებს.

როგორც ბარათაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბორდის არსებული შემადგენლობა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის დაკომპლექტებული, იმ ტიპის გადაწყვეტილებების წინასაარჩევნოდ მიღება კი, რასაც დღეს ჰქონდა ადგილი, "ტყუილა არ ხდება".

"ჩვენ ახალ ეთერს ვიწყებდით. რამდენად გონივრულია ახალი ეთერის და არჩევნების წინ ბორდის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება, არ ვიცი. ასეთი გადაწყვეტილებები წინასაარჩევნოდ ტყუილა არ ხდება. ამაში ვხედავ პოლიტიკურ მხარეს. პოლიტიკურ ძალაში ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას", რადგან ბორდი დაკომპლექტებულია სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ", - განაცხადა ბარათაშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი ციბაძეს, ბარათაშვილის თქმით, ის მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველია უსაფრთხოების საკითხებში, თუმცა ციბაძე ტელევიზიაში მას არ მიუყვანია.
"ეს ადამიანი მე რომ დავბრუნდი უკვე მუშაობდა ტელევიზიაში და ის არ არის ჩემი მოყვანილი", - აცხადებს ბარათაშვილი.