ნიკა გვარამიას პარლამენტში დაკითხვაზე იბარებენ

ნიკა გვარამიას პარლამენტში დაკითხვაზე იბარებენ

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას კომისიის სხდომაზე იბარებს.

ხიდაშელმა ნიკა გვარამიას პარლამენტის პლენარული სხდომიდან მიმართა, სადაც მან ტელეკომპანიების "რუსთავი 2"-სა და "საქართველოს" ფინანსურ სქემაზე ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, ყველა ფინანსური ნაბიჯი, რომელსაც ტელეკომპანია "საქართველო" ახორციელებდა, მოტივირებული იყო არაპირდაპირი სიკეთის მიღებით "რუსთავი 2"-სთვის. მისივე თქმით, იკვეთება "რუსთავი 2"-ის არაპირდაპირი ფორმით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება.

ბოლო წლებში ტელეკომპანიის დაფინანსების სქემასთან დაკავშირებით თინა ხიდაშელმა კოლეგებს შემდეგი ინფორმაცია მიაწოდა: - "2005-2006 წლებში საქართველოში მოქმედ ორ ტელევიზიას "რუსთავი2"-სა და "მზეს" პრაქტიკულად მუდმივმოქმედ რეჟიმში ეცვლებოდა მფლობელები, მაგრამ ეს მფლობელები მუდმივად ერთი და იგივენი იყვნენ. 2005 წლიდან ბაზარზე "საქცემენტი" შემოდის, რომელთანაც დაკავშირებულია ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა. აქედან იწყება ისტორია, რომელიც 2011 წლამდე გრძელდება. სხვადასხვა სახელით დავით ბეჟუაშვილთან დაკავშირებული ფირმები და კომპანიები სხვადასხვა ტელეკომპანიების მფლობელები იყო. ეს საკითხი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ჭრილში საინტერესოა იმდენად, რამდენადაც "მაუწყებლობის შესახებ" კანონი ცალსახად ამბობს, რომ აკრძალულია საერთო ეროვნული სიხშირის მქონე ერთზე მეტი ლიცენზიის ფლობა რომელიმე პირის მიერ - იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, მაგრამ რატომღაც ეს შეზღუდვა ბატონ ბეჟუაშვილზე და მის დაქვემდებარებულ კომპანიებზე არ ვრცელდებოდა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მუდმივად თვალს ხუჭავდა ამაზე" - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

დეპუტატის თქმით, აბსოლუტურად იდენტური მდგომარეობა იკვეთება ტელეკომპანია "საქართველოსთან" მიმართებაში, რომელიც ბაზარზე მოგვიანებით შემოვიდა.
"რუსთავი 2"-ის მესაკუთრეები 2005-2009 წლის შემდეგ იცვლებიან, თუმცა ერთი და იგივე არიან, ანუ იცვლებიან ბატონი ბეჟუაშვილისგან და ხდებიან ძმები ყარამანაშვილები, თუმცა სამივე ტელევიზიაში, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში ეს ადამინები ისევ გვხვდებიან. ტელეკომპანია "საქართველოს" 26 მილიონი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული, აბსოლუტურად უკანონოდ, რასაც სრული პასუხისმგებლოთ ვაცხადებ. პრეზიდენტის აქტი, რომლითაც ასეთი ნებართვა გაიცა, ტელევიზიის დაფინანსებისთვის, პირდაპირ საუბრობს სპონსორობაზე. "მაუწყებლის შესახებ" კანონი კრძალავს სატელევიზიო ეთერში გადაცემების სპონსორობას, თუმცა ტელეკომპანია "საქართველო" სწორედ ამას აკეთებდა ბიუჯეტის ხარჯზე - გადიოდა ეთერში მთლიანი გადაცემები და არა - რეკლამები, რომელიც დამზადებული იყო ბიუჯეტის თანხებით. არც ამც ამ საკითხით, იმის მიუხედავად, რომ ინფორმაცია საჯაროდ იყო ცნობილი, მარეგულირებული კომისია არც ერთხელ არ დაინტერესებულა. "საქართველოს" დაფინანსებასთან დაკავშირებით ეს ერთადერთი თემა არ არის, რომელსაც ვიკვლევდით. "საქართველო" "რუსთავი2"-ის შენობიდან მაუწყებლობდა. ყველაფერი, რაც ამ წლების განმავლობაში ტელეკომპანია "საქართველომ" შეიძინა და, ჩვენ გვაქვს ძალიან ვრცელი ჩამონათვალი, რადგან 29 მილიონის ხარჯვაზე ვსაუბრობთ, 2012 წლის ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ "რუსთავი 2"-ის საკუთრება ხდება. ამ ტელევიზიამ ძალიან საინტერესო, თუმცა ერთნაბიჯიანი სქემა განახორციელა - 2012 წლის ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ მან იყიდა 51% წილი "რუსთავი 2"-ში და ფულის ნაცვლად შევიდა ქონებით, რომელიც მანამდე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ჰქონდა შეძენილი. გაცილებით საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: - 2012 წლის ზაფხულში დასრულდა "რუსთავი2"-სა და "საქართველოს" შორის მოლაპარაკებები და "რუსთავი 2"-სგან ტელეკომპანია "საქართველომ" იყიდა 2 ათასი კვ.მ მიწა და 4 ათასი კვადრატული ფართის შენობა-ნაგებობები. დაახლოებით 6 მილიონამდე ლარი გადაიხადა ამაში, თუმცა არჩევნების შემდეგ, როცა 51%-იანი წილის შესყიდვის ტრანზაქცია განხორციელდა, ეს მიწა უკან დაუბრუნა "რუსთავი 2"-ს, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფულით "რუსთავი 2_სგან რაღაც ქონება იყიდა, რის გამოც "რუსთავი 2"-მა გარკვეული ფულადი სიკეთე მიიღო და შემდეგ მიწა და შენობა-ნაგებობები მას ისევ უკან დაუბრუნდა. ყველა ფინანსური ნაბიჯი, რომელსაც ტელეკომპანია "საქართველო" ანხორციელებდა, მოტივირებულია არაპირდაპირი სიკეთის მიღებით "რუსთავი 2"-სთვის, ანუ ჩვენ სახეზე გვაქვს "რუსთავი 2"-ის არაპირდაპირი ფორმით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, რომ არაფერი ვთქვათ, პირდაპირ დაფინანსებაზე" - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორი ნიკა გვარამია საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. ხიდაშელმა გვარამიას პარლამენტის ტრიბინიდან მიმართა, რომ მომავალი კვირისთვის დაკითხვაზე იბარებს.

"გვარამია არის ადამიანი, რომელიც არ თანამშრომლობს კომისიასთან. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას, როცა დაკითხვაზე დავიბარებთ, მოვა და პასუხს გასცემს კითხვებს, რომელსაც დავუსმვათ. არც ერთი ფურცელი და დოკუმენტი ჩვენ "რუსთავი 2"-სგან არ მიგვიღია და მუდმივად ვიღებ ბელეტრისტიკულ წერილებს იმის შესახებ, თუ რა უფლებები არა აქვს თურმე საგამოძოებო კომისიას. გვარამია კარგი იურისტია და ზუსტად ვიცი, რომ კანონები კარგად იცის, თუმცა მესმის, რატომ უჭერს მას ჩვენს კითხვებაზე პასუხების გამოგზავნა" - განაცხადა ხიდაშელმა.