"ქართულ ოცნებას" ახალქალაქის აქტივისტების ნაწილი ემიჯნება

"ქართულ ოცნებას" ახალქალაქის აქტივისტების ნაწილი ემიჯნება. "ქართული ოცნების" ახალქალაქის საპარლამენტო შტაბის ყოფილმა წევრებმა დღეს თბილისში "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია-ბრიფინგი გამართეს. მასში "ქართული ოცნების" 50-მდე ყოფილი აქტივისტი და მხარდაჭერი მონაწილეობდა. ასევე იმყოფებოდნენ ახალქალაქის საპარლამენტო შტაბის წევრები ბეჟან გუნავა და მელიქ რაისიანი. 

ჟურნალისტებთან საუბრისას მათ განაცხადეს, რომ "ქართული ოცნების" ოფისთან ისინი საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად შეიკრიბნენ. კერძოდ, ბეჟან გუნავა და მელიქ რაისიანი აცხადებენ, რომ ახალქალაქში არჩევნების შემდეგ არაფერი შეცვლილა, უფრო მეტიც, თანამდებობაზე დარჩნენ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობაში" იყვნენ, დღეს კი ახალქალაქში "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო შტაბის წევრები არიან.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ახალქალაქში "ქართული ოცნების" ორგანიზაციის დაფუძნებისას, სწორედ ეს სამართალდამცავები დასდევდნენ და იჭერდნენ.
ახალქალაქიდან ჩამოსულები ასევე აცხადებენ, რომ კორუფციის შემცირებისა და რეგიონში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.