დოდო შონავა - ბორდისგან მოვითხოვთ, რაც შეიძლება მალე დანიშნოს არჩევნები

დოდო შონავა - ბორდისგან მოვითხოვთ, რაც შეიძლება მალე დანიშნოს არჩევნები

კოლექტივი ამდენი ცვლილებითა და არასტაბილური ვითარებით დაიღალა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხის" პროდიუსერმა დოდო შონავამ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გიორგი ბარათაშვილის გადაყენების გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, ბორდის ეს გადაწყვეტილება კრიზისის დაძლევას ხელს ვერ შეუწყობს. 

"ჩვენ, კოლექტივსა და საინიციატივო ჯგუფს მიგვაჩნია, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ ბორდი მისცემდა დროს მენეჯმენტს. შეიქმნა მრჩეველთა საბჭო და უმჯობესი იქნებოდა თუ მის რეკომენდაციებს დაელოდებოდნენ. ეს გადაწყვეტილება ხელს არ შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიზისიდან გამოსვლას. ჩვენ ვემიჯნებით პროცესებს, თუმცა ბორდისგან მოვითხოვთ, რომ რაც შეიძლება მალე დანიშნოს არჩევნები და გამჭვირვალედ მოხდეს ახალი არჩევნების ჩატარება", - განაცხადა შონავამ.

მისივე თქმით, ამდენი ცვლილებისა და არასტაბილური ვითარების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ უნდა მოსთხოვონ ხარისხიანი პროდუქტის შექმნა.
"დავიღალეთ ამდენი არასტაბილური ვითარებით. გვინდა სტაბილურ გარემოში მუშაობა და სწორედ ეს არის ჩვენი მოთხოვნა", - აღნიშნა შონავამ.

მისივე განმარტებით, ბორდის დღევანდელი გადაწყვეტილებით კანონი ფაქტობრივად არ დარღვეულა.

"დღევანდელი გადაწყვეტილებით კანონი არ დარღვეულა, თუმცა მენეჯმენტი ამბობს, რომ ბორდს შესაბამის დოკუმენტებს უგზავნიდა. მე მაინც მივიჩნევ, რომ ახალი ბორდის ჩამოყალიბებამდე, ანუ იანვრამდე, მენეჯმენტი საზოგადოებრივ მაუწყებელში არ უნდა შეცვლილიყო", - აღნიშნა შონავამ.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდმა გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ ერთსაათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო.