12 წლის მოზარდი ნანგრევებში მოყვა

12 წლის მოზარდი ნანგრევებში მოყვა

ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში, ქათამაძეების საცხოვრებელი სახლის ნგრევისას, 12 წლის მოზარდი ნანგრევებში მოყვა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გურიის სამაშველო სამსახურის უფროსმა, შალვა ბოლქვაძემ განაცხადა, ნგრევის ზუსტი მიზეზები დაუდგენელია. მისივე განცხადებით, ბავშვის გამოყვანა ნანგრევებიდან დროულად მოხერხდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"შემთხვევა დაახლოებით დილის 05.20 საათზე მოხდა, ადგილზე მისულებს სახლის შიდა კედელი დაგხვდა ჩამონგრეული. გატარებული ღონისძიებების შემდეგ, ბავშვი უვნებლად ამოვიყვანეთ ნანგრევებიდან და სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარეგნული დათვალიერებით, რაიმე სახის დაზიანება, არ აღენიშნებოდა", - განაცხადა ბოლქვაძემ.

ოზურგეთის "ავერსის" კლინიკის ხელმძღვანელის, დათო მდინარაძის განცხადებით, პაციენტს სერიოზული სახის დაზიანებები არ აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"არანაირი სერიოზული დაზიანებები არ აქვს. უმნიშვნელო, ქალას დახურული დაზიანება ჰქონდა. ყველა სპეციალისტმა გასინჯა და მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნა მდინარაძემ.