სალომე ზურაბიშვილი ეკა ბესელიას და თეა წულუკიანს მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ეკა ბესელიას და თეა წულუკიანს მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავს.
ზურაბიშვილი ბესელიასა და წულუკიანს სთხოვს, ცესკო-ს გადაწყვეტილების კანონიერებაზე დამატებითი კონსულტაციებისთვის ვენეციის კომისიას მიმართონ.
"მოგეხსენებათ, გადაწყვეტილი მაქვს, მონაწილეობა მივიღო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩემი კანდიდატურის დარეგისტრირების მიზნით, საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა, თუმცა უარი მიიღო.

არა მხოლოდ საინიციატივო ჯგუფში შემავალი იურისტები, არამედ ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ("ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", "სამართლიანი არჩევნები", "ქართველი კონსტიტუციონალისტები"), საერთაშორისო ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშორისო პოლიტიკური წრეები, დიპლომატები თანხმდებიან, რომ გადაწყვეტილება უკანონოა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გთხოვთ, დამატებითი განმარტებებისთვის მიმართოთ ვენეციის კომისიას, რომელიც აგრეთვე მზად არის შეაფასოს, რამდენად მართებულად ხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ქვეყნის უმაღლესი კანონის - კონსტიტუციის დაცვა და განმარტება, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მიმართვაში.

სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი 3 სექტემბერს უთხრა.
ცესკო-ს ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11-ე პუნქტის თანახმად, "საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება, ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა".
სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს გადაწყვეტილება დღეს სასამართლოში გაასაჩივრა.