გენმოდიფიცირებული პროდუქცია შესაბამისი მითითებით გაიყიდება

გენმოდიფიცირებული პროდუქცია შესაბამისი მითითებით გაიყიდება

გენმოდიფიცირებული პროდუქცია სავაჭრო ობიექტებში შესაბამისი მითითებით გაიყიდება. როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მთავრობამ მიიღო დადგენილება ბიოწარმოების შესახებ, ასევე მიღებულია დადგენილება, რომელიც ასეთი პროდუქციის ეტიკეტირებას და მასზე სავალდებულო მითითების გაკეთებას გულისხმობს. 

"ჩვენ არ ვართ მოტივირებული გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოებით, პირიქით, ვახალისებთ პროცესებს, რომელიც ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა, ბიოწარმოების პროდუქტების წარმოებას. დამოკიდებულება ასეთია, თუმცა არა მკვეთრად აკრძალვითი, ანუ ჩვენი მინიმალური მოთხოვნაა ის, რომ მომხმარებელი ინფორმირებული იყოს, თუკი პროდუქტი შეიცავს თუნდაც ერთ კომპონენტს, რომელიც შეიძლება გენმოდიფიცირებული იყოს. ასეთ პროდუქტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი აღნიშვნა", - განაცხადა აგულაშვილმა პარლამენტში.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არსებული ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გენმოდიფიცირებული პროდუქციის იდენტიფიცირება შეუძლებელია, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა ქვეყანაში სათანადო ლაბორატორია შეიქმნას და ასეთი პროდუქტის იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდეს.