ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების ასლები არსებობდეს

ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების ასლები არსებობდეს

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების ასლები არსებობდეს.  როგორც ღარიბაშვილმა "მოდულის" შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის განადგურების შემდეგ განაცხადა, არსებობს დიდი ალბათობა, რომ შსს-ს არქივში დაცული მასალის ასლები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჰქონდეთ. 

"სამწუხაროდ, ჩვენი ინფორმაციით, მასალების უმრავლესობა კოპირებულია. არსებობს დიდი ალბათობა, რომ იმ მასალის ასლები, რომელიც შსს-ს არქივში დაგვხვდა და რომელიც მოვიპოვეთ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჰქონდეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდბლობა გამკაცრდება.

"კანონი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ინფორმაცია პირადი ცხოვრების შესახებ დაცული იყოს, გამკაცრდება", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.