საომარი მდგომარეობისას, პრეზიდენტის რიგი უფლებამოსილებები მთავრობის კომპეტენციაში გადადის

საომარი მდგომარეობისას, პრეზიდენტის რიგი უფლებამოსილებები მთავრობის კომპეტენციაში გადადის

ქვეყანაში საომარი მდგომარეობის არსებობისას, პრეზიდენტის რიგი უფლებამოსილებები მთავრობის კომპეტენციაში გადადის.
"საომარი მდგომარეობის შესახებ" კანონი ერთ-ერთია იმ კანონთა შორის, რომელშიც ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელი კონსტიტუციური ნორმებიდან გამომდინარე შედის.

როგორც მოქმედი, ასევე ახალი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდლად რჩება და ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების უფლებამოსილება ახლაც და მომავალშიც მისი კომპეტენცია იქნება. ამ მხრივ, კანონში არაფერი იცვლება და ამ პერიოდში მოქმედი პრეზიდენტის აქტები პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას არ საჭიროებენ, თუმცა საომარი მდგომარეობის არსებობისას, გარკვეული უფლებამოსილებების განხორციელება მთავრობის ხელში გადადის.
 

პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, უქმდება კანონის მუხლი, რომლის გათვალისწინებით, საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ფუნქციები სახელმწიფოს თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო უშიშროების დარგში გადაეცემა პრეზიდენტს - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს.

გარდა ამისა, პარლამენტში ინიცირებული პროექტის გათვალისწინებით, საომარი მდგომარეობის პერიოდში, ზარალის ანაზღაურებასთან, სალიკვიდაციო ღონისძიებებთან და სხვა საჭირო დახმარებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს პრეზიდენტის ნაცვლად, მთავრობა მიიღებს.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაწყებულია.